საინტერესო რეჟისორებთან უმუშავია. საკუთარი სარეჟისორო ნამუშვარიც აქვს. მის მიერ ნათამაშები როლების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ძირითად პროფესიად მსახიობობას და რეჟისორობას თვლის, თუმცა ხელოვნების ამათუ იმ სფეროში, რომელშიც საკუთარი თავი გამოიწვია და საინტერესოდ ჩათვალა, წარმატებას მიაღწია. მშობლის თვალს არაფერი გამოეპარება. შემოქმედებითი უნარი, დიდი მისწრაფება , მრავალმხრივი ნიჭი პატარა ბიჭში ადრევე შენიშნეს და სასკოლო ასაკმა რომ მოუწია ხელოვნების სკოლაში შეიყვანეს. ისევ ბავშვური სითბოთი, მადლიერებით იხსენებს იმ დროს დედას სპექტაკლებზე რომ დაჰყავდა. საკუთარი თვალით აქვს ნანახი დიდი კორიფეების თამაში სცენაზე, ის შთაბეჭდილება და ჯადოსნური მუხტი, სცენური გარდასახვის დროს ახლაც ეხმარება. 
ცხოვრებაში ყოველთვის გამოხატვის ძალიან სპეციფიური ფორმა გააჩნდა : კონკრეტული, ზუსტი, გულწრფელი. რაც ხშირად წარმატებაში ხელს უშლიდა ,ამის გამო გულისტკენებიც ქონია.თუმცა გამოუვალ სიტუაციებში ყოველთვის ერთადერთ და ქმედითს, სიყვარულით გასავლელ გზას ხედავდა, რომელიც დიდ შინაგან შემართებას მოითხოვდა, ყოველთვის ახერხებდა შიშის დაძლევას და სწორედ ამ გზას სამშვიდობოზე გამოჰყავდა. “მადლობას გადაგიხდით, ვისაც შეხება ჰქონია ჩემთან და ვისაც ჩემი შემოქმედებით სიამოვნება მიგიღიათ. მხოლოდ სიყვარულია ყველაფერი, დაფასება და სითბო, დანარჩენი ყველაფერი წარმავალია. სიყვარულის ენერგია ცხოვრობს სიკვდილამდეც და სიკვდილის შემდეგაც მხოლოდ ჩვენთან. სიყვარულით ვიაროთ და არ მივატოვოთ და არც ის მიგვატოვებს არასდროს”! – რეჟისორი და მსახიობი კახაბერ შარტავა.
ვინ არის კახაბერ შარტავა?
კახაბერ შარტავა არის ადამიანი, რომელიც ცხოვრობს სხვა პლანეტაზე, მაგრამ ახლა ამ განზომილებაში დაიბადა დედამიწაზე და არ იცის, რატომ არის ადამიანებს შორის მოვლენილი. ერთი ის იცის, რომ ყველაფერი უნდა აკეთოს მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულით. საქართველოში თბილისში დავიბადე, დავამთავრე ხელოვნების სკოლა კოლეჯი სამსახიობოს განხრით. შემდეგ ჩავაბარე თეატრალურ უნივერსიტეტში და დავამთავრე თეატრისა და კინოს მსახიობის ფაკულტეტი ბაკალავრიატი, რის შემდეგაც სარეჟისორო მაგისტრატურა.
ის რამაც თქვენი მსახიობობა განაპირობა…
რაც შეეხება ჩემს მსახიობობას, ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობაში დედაჩემმა წამიყვანა რუსთაველის თეატრში და მაჩვენა სპექტაკლი „კავკასიური ცარცის წრე“. იქიდან მოყოლებული უკვე ვიცოდი, რომ მე უნდა ვყოფილიყავი მსახიობი. სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია. იმდენად პატარა ვიყავი, რომ მართალი გითხრათ არ მახსოვს რა მომეწონა, მაგრამ მომეწონა ის ენერგეტიკა, რომელიც ამ საპექტაკლს ქონდა.
ბავშვობა…
დინჯი ბავშვი ვიყავი, საიდუმლოს შენახვა ვიცოდი,. ტყუილს ვერ მათქმევინებდი . ეს თვისებები ეხლაც შემომრჩა. ჩემს ბავშვობაში, მახსოვს, თუ ვინმე სიგარეტს ეწეოდა, კატასტროფა იყო. დედა ეწეოდა. ხომ არის , რომ შვილებს უმალავენ მე არ მიმალავდა. რა უნდა მომხდარიყო, რომ ვინმესთან, კერძოდ ბაბუასთან ან ბებიასთან მეთქვა. როგორი ჯილდოები არ შემომთავაზეს,მაგრამ არ არსებობდა. სტუდენტობის პერიოდში ეს სიდინჯე ისეთ სიგიჟეში გადავიდა, უნივერსიტეტში სულ საყვედურები იყო ჩემზე გამოკრული. ხან რას ჩამოვხსნიდი კედლიდან, ხან რას და გამოსასყიდ ანონიმურ წერილებს ვწერდი. დაბრუნების სანაცვლოდ ნიშანს ვითხოვდი. მახსოვს, არ შეიძლებოდა უნივერსიტეტში სანდლებით სიარული. აკრძალული იყო. ვერაფრით ვერ მივხვდი, რატომ არ შეიძლებოდა, თუკი ძალიან ცხელოდა და პროტესტის ნიშნად ფეხშველი მივედი. თუ არ დამისაბუთებთ, რატომ არ შეიძლება უნივერსიტეტში სანდლებით საირული, ფეხშიშველი შევალ ლექციაზე მეთქი და ასეც მოვიქეცი.
ძალიან დიდხანს გამყვა ბავშვობა. ფაქტიურად- პირველი, მეორე, მესამე კურსი– ვიყავი უდარდელი ბავშვური სიგიჟეებით. მე და ჩემი მეგობრები, სადარბაზოში ზარს ვრეკავდით და გავრბოდით. არადა სტუდენტი ვიყავი ამას რომ ვაკეთებდი.(იცინის)
ვინმეს უთქვამს, რომ ეს ბიჭი კარგი არტისტი დადგებაო?
ჯერ კიდევ სკოლაში თუკი რამე შეჯიბრი იყო, თუკი რამე ხდებოდა, სკოლის სახე ვიყავი. შემდეგ თეატრალურ სტუდიაში ბატონმა გიორგი სიხარულიძემ საკმაოდ საინტერესო როლები მანდო. მერე, უკვე თეატრალურ უნივერსიტეტში, სტუდენტურ დღეებზე არ არსებობდა ჩემი ეტიუდი არ გასულიყო. მიუხედავად იმისა, რომ უკან ვდგებოდი და არასდროს არ მიყვარდა თავის წარმოჩენა, ყოველთვის წინ გადმომაყენებდნენ ხოლმე.
შემდეგში ჩემმა ამ თვისებამ უარყოფითი გავლენა იქონია ჩემს შემოქმედებით ცხოვრებაზე. დღეს ისეთი რეალიზებული არ ვარ, როგორიც უნდა ვიყო. ამის გარდა უკან დამხია იმანაც, რომ ვარ ძალიან პირდაპირი. შემიძლია ყველას ფარად ავეფარო და გინდ რეჟისორი იყოს ვუთხრა, რომ არ არის მართალი ( იღიმება)
დაუვიწყარი პედაგოგები…
ვიდრე თეატრალურ უნივერსიტეტში, ჩავაბარებდი ვიყავი თეატრალურ სტუდიაში „ცეტები“, რომლის ხელმძღვანელიც იყო ბატონი გიორგი სიხარულიძე და კოტე ლეკიშვილი, რომელიც ახლა არის მამაო, მამა კონსტანტინე. თეატრალურ უნივესიტეტში მყავდნენ პედაგოგები: რამაზ იოსელიანი, სლავა ნათენაძე, სოსო ნემსაძე. როდესაც დავამთავრე სამსახიობო ფაკულტეტი, რვა წლის შემდეგ ჩავაბარე სარეჟისორო მაგისტრატურაზე, სადაც ჩემი პედაგოგი გახლდათ შალვა გაწერილია. ჩემმა პედაგოგებმა მაპოვნინეს ის გასაღები, რომელიც ხსნის იმ ჯადოსნურ კარებს, რასაც თეატრი ჰქვია. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ბატონი გიორგი სიხარულიძე, რომელიც თოთხმეტი წლიდან მოყოლებული დღემდე ჩემი პედაგოგია. მე ვთვლი, რომ ეს ადამიანი მთელი ცხოვრება ჩემი პედაგოგი იქნება. ასევე გამოვყოფ, უკვე სარეჟისორო სფეროში, შალვა გაწერილიას (მუმუშა). მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი იყო უკანასკნელი მოჰიკანი, მისი თითეული ფრაზა, მისი თითეული სიტყვა, არ ვიცი რა დავარქვა იყო გასაღები… ჯადოსნური გასაღები.
პირველი სერიოზული ნაბიჯები. ძნელია როლის გათავისება?
სერიოზული ნაბიჯები იყო, როდესაც ვითამაშე რიჩარდ მესამე მოძრაობის თატრში, რომელსაც კახა ბაკურაძე ხელმძღვანელობდა. მანამდე გიორგი სიხარულიძესთან ზურიკელა ვითამაშე. შემდეგ იყო განდეგილი . რაც გიყვარს და რასაც სიყვარულით აკეთებ ყველაფერი ადვილია, რიჩარდ მესამე 21 წლის ასაკში ვითამაშე. შემოქმედებითად ამ როლისთვის ეს თოთო ასაკია, თუმცა მეტმა გულწრფელობამ და თავხედობამ ითამაშა დიდი როლი ამ როლზე დათანხმებისთვის.
როლის აღქმა როგორია იცი? პირველ რიგში ის უნდა ეძებო შენში. შენ როგორი იქნებოდი. რომეოს როლზე რომ დამამტკიცეს, ვამბობდი არ არსებობს, ჩემში რომეო არ არის, მაგრამ დავიწყე ძებნა, ვიპოვე და წამოვწიე. ამიტომ ვთვლი რომ ის გმირი, რომელიც არის შემოთავაზებული, უნდა ეძებო შენში. შენ როგორი იქნებოდი, ის რომ ყოფილიყავი და აქ არის ჭიდილი გმირსა და შენს შორის გმირი არ გაძლევს იმის უფლებას, რომ ბოლომდე ისე წაიყვანო, როგორც შენ გსურს და მაინც ეძებ მხოლოდ გამართლებას და ეს პროცესია ყველაზე საინტერესო.
საყვარელი როლი…
ჩემთვის ყველა როლი გამორჩეულია და საყვარელი. ის როლები, რომლებსაც აღარ ვთამაშობ მენატრებიან ძალიან და მინდა გითხრათ, რომ ყველა როლმა იქონია ჩემზე გავლენა. იმხელა ენერგეტიკა აქვს და იმხელა კვალს ტოვებს, რომ მერე შენს ცხოვრებაზე, ყველა შემთხვევაში, გავლენას ახდენს.
არტისტობა ცხოვრებაში თუ გეხმარებათ…
ცხოვრებაში უნიჭო არტისტი ვარ. ცხოვრებაში თამაში არ შემიძლია. ჩემთვის თეატრი და ცხოვრება სხვა და სხვა რამეა. აქვს ერთმანეთთან ბევრი საერთო, რათქმა უნდა, მაგრამ არა კახაბერი ცხოვრებაში, როგორც არტისტი.
გამორჩეული ჟანრი…
არ მაქვს. ერთი პერიოდი ზურიკელა როცა ვითამაშე ვიფიქრე , რომ კომედია იყო ჩემი ჟანრი, მერე როცა რიჩარდი ვითამაშე მეგონა მიმოდრამა იყო ჩემი. მერე როდესაც ვითამაშე განდეგილი, ის ჟანრი მომეწონა, ანუ ყველა ჟანრი მიყვარს. მთავარია კომფორტულად ვგრძნობდე თავს.
– როგორია დღევანდელი თეატრალური სივრცე?
დღევანდელი თატრალური სივრცე, მე ძალიან მწყვეტს გულს, იმიტომ, რომ ჩემთვის რაღაცა საოცნებო სამყარო, რაღაცა შეუხებელი და ჯადოსნური დაიკარგა. რამდენიმე თვის წინ ჩამოსული იყო პოლუნინის თეატრი და მაშინ მოვხვდი კიდევ ერთხელ იმ თეატრში, რასაც საოცნებო თეატრი და სცენა ქვია. ჩემი ოცნების თეატრში. ძალიან მწყდება გული იმიტომ, რომ ხშირად სპექტაკლზე მივდივარ და ვერ ვხვდები, რატომ დაიდგა ესა თუ ის სპექტაკლი. სპექტაკლი რომელსაც არა აქვს სათქმელი. ორიგინალობენ ორიგინალურობის გამო და არა იმის გამო, რომ გადმოსცენ რაღაცა კრეატიული: სათქმელი, ტკივილი, განცდა, ან სიხარული. არამარტო თეატრი, ზოგადად კულტურა დღეს საქართველოში ამ დღეშია.
კრიტიკა. არსებობენ ნამდვილი კრიტიკოსები?
კრიტიკა მიყვარს. მთავარია ის ვინც მაკრიტიკებს, კომპეტენტური იყოს ამ საკითხში. სამწუხაროდ დღეს კრიტიკა და ლანძღვა ერთმანეთში ეშლებათ. ხშირად კრიტიკოსები აშკარა კრიტიკას უბრალოდ რაღაცნაირად ერიდებიან . საქართველო მაინც პატარაა. ვიღაცა ვიღაცის ნათესავია, მეგობარია და მაინც ერთმანეთს ანგარიშს უწევენ. სიმართლე მაინც ნაკლებად იწერება.
წარმატებული როლი. წარმატებული გასტროლი.
წარმატებული და წარუმატებელი როლიც ჩემთვის ერთნაირად საყვარელია, უბრალოდ რიჩარდ მესამე განსაკუთრებულად მახსენდება. როდესაც ფესტივალზე ვიყავით ერთერთ ქვეყანაში, მახსოვს დასკვნით ღონისძიებაზე ერთერთმა იქაურმა თატრმცოდნემ თქვა ასეთი რამ: „ თქვენ გიყვართ შექსპირი ისე, როგორც კახაბერს რიჩარდ მესამე?“.
რას ნიშნავს შენთვის ადამიანების სიყვარული…
ამ ქვეყანაზე იმიტომ ხარ მოსული, გიყვარდეს ადამიანები და როდესაც საპასუხოდ მათ სიყვარულს იღებ, ამაზე დიდი ჯილდო, მე ვფიქრობ, არ არსებობს. რაც არუნდა ვარსკვლავი გაგიხსნან, წოდებები მოგცენ, დაგაჯილდოვონ, ხალხს თუ არ უყვარხარ, რისთვის აკეთებ ამ ყველაფერს?!.. ეს ჯილდო მე მივიღე, როდესაც ვმონაწილეობდი რეალითი შოუში „დასი“ სადაც სამი თვე ვიცხოვრე და როდესაც გამოვედი იმ სივრციდან, ადამიანების მხრიდან უზარმაზარ სითბოს ვიღებდი. ამით მივხვდი, რომ ადამიანებს ვუყვარდი და რომ რაღაცა მისია შესრულებლია.
წინააღმდეგობა რომელმაც შე მოქმედებითად უფრომეტად გაგაძლიერათ, უფრო შრომისმოყვარე და მიზადასახული გაგხადათ…
ჩემი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ და მათი პასუხი ჩემს მიმართ. როდესაც ადამიანი გიყვარს და შენ ხარ მისი მეგობარი, ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ ის კარგად იყოს და საპასუხოდ ისინი გაურკვეველ საქციელებს ჩადიან, ეს არის ყველაზე დიდი წინააღმდეგობა და ჭკვიანი ადამიანი ამით ძლიერდება. სიმართლე გითხრათ, მქონია კიდეც დეპრესია, როდესაც ვერ მოვერიე ჩემს თავს. მაგრამ დღეს ყველა ჩემი წინაღობა, ყველა წინააღმდეგობა არის ჩემი წინსვლისთვის, ჩემი გაძლიერებისთვის. თუ პიროვნულად ძლიერი ხარ, მაშინ შემოქმედებითადაც კარგად გრძნობ თავს. იმდენად რამდენადაც საქართველოში შემოქმედება ფასდება.
კახაბერი რეჟისორი თუ მსახიობი?
შეიძლება იყო კარგი მსახიობიც და ამავდროულად კარგი რეჟსორიც?
რატომღაც ისეთი დოგმები არსებობს, რომ არ შეიძლება მსახიობი რეჟისორი იყოს ან პირიქით. „არტისტს თუ არ გაუმართლა მიდის რეჟისურაში“ . ჩემი აზრით, ერთი მეორეს ხელს არ უშლის. მაშინ, როდესაც წარმატებით მიდიოდა „რომეო და ჯულიეტა“ მე დავიწყე მუშაობა სპექტაკლზე „ ზაფხულის ღამის სიზმარი“(შექსპირის მიხედვით). შემიძლია არ მოვერიდო და თამამად ვთქვა, რომ წარმატებული სპექტაკლი გამოვიდა. პირველი სპექტაკლი იყო და ბევრი შეცდომები მაქვს, მაგრამ მე ვაგებ ისევ ამაზე პასუხს, ეს ჩემი შეცდომებია. ამის შემდეგ ვანო ხუციშვილმა მიმიწვია „მაკბეტზე“ ….. როლზე და იქაც ვითამაშე. ვთვლი, რომ თუ შეგიძლია ორივე აკეთო სიხარულით და ეს გინდა, რატომ არუნდა აკეთო?
ატმოსფერო შემიქმნა, რომ კომფორტულად ვიგრძენი თავი. ისე, სიმღერა არ არის ჩემი საქმე და არცერთ შემთხვევაში არ ვიქნები იქ, სადაც ჩემი ადგილი არ არის.
იყო შემოქმედებითი პაუზა. რამ გამოიწვია ეს პაუზა და როგორ დაუბრუნდით თეატრს?
ბევრი წარმატებული როლის შემდეგ დადგა პერიოდი, როდესაც დავრჩი თეატრის გარეთ. ეს პერიოდი ყველაზე რთულად მახსენდება ჩემს ცხოვრებაში, სწორედ ამ დროს აღმოჩნდა, რომ ნორვეგიაში ტარდებოდა თეატრალური ფესტივალი, სადაც ყველა ქვეყნიდან თითო მსახიობი მიყავდათ და საქართველოდან მე მიმიწვიეს. იქ კიდევ უფრო მეტად გაესვა ჩემს უთეატრობას ხაზი, რადგან ყველა მის თეატრზე საუბრობდა, მე კი არსად ვიყავი. თუმცა ეს გასტროლი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. დაბრუნებისთანავე ტელეფონზე დამირეკეს და დამიბარეს რეალითი შოუ “დასის” შესარჩევ ქასთინგზე. თურმე ჩემი ნორვეგიის ყოფნის პერიოდში აქ გამოცხადებულა ქასთინგი და ჩემს მეგობრებს ჩემს გარეშე შეუვსიათ განცხადება და გაუზგავნიათ . გაამართლა კიდეც. მოვხდი რეალითი შოუს 13 მონაწილეში, ამ შოუში ნახევარფინალამდე დავყავი. 2 თვე ნახევარი ვცხოვრობდი ჩაკეტილ სივრცეში, რუსთაველის თეატრში, კამერების მეთვალყურეობის ქვეშ! ძალიან კარგად მახსენდება იქ გატარებული დრო, ქალბატონი ნანუკა ხუსკივაძისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე პროფესიაში! შემდგომ კი მიმიწვია ბატონმა გიორგი სიხარულიძემ ქუთაისის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში და დავიწყე იქ მუშაობა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ თეატრს და ქუთაისლებს იმ სითბოსთვის, რომელიც ჩემს სპექტაკლებს არ აკლდება.
შემოქმედებითი ოცნება.
მთელი ცხოვრება მხვდებოდა ისეთი როლები, რომლებზეც მართლა ოცნებობენ. საოცნებო როლი არ მაქვს. ოცნება მაქვს მხოლოდ ადამიანური და პირადი. მხოლოდ ჯანმრთელობა, დანარჩენი მადლიერი ვარ იმის რაც მაქვს, ვცხოვრობ აქ და ახლა.
თუმცა მრავალმხრივი ნიჭის ადამიანი ხართ, ეკა კვალიაშვილთან იმღერეთ. არ შეგეშინდათ ამ რისკის?
სიმღერაში ბედი არ გამომიცდია. ყველაფერი ასე დაიწყო. ვიჯექით მე და ეკა. იმჟამად კონკრეტული პირებისაგან ძალიან ცუდი დამოკიდებულება იყო ეკას მიმართ, იმიტომ რომ ასეა მიღებული: საქართველოში ნიჭიერი ადამიანი უნდა ჩაქოლონ. ვფიქრობდით როგორ მოვქცეულიყავით და მოვიფიქრეთ, რომ უნდა გაგვეშვა ძალიან დიდი პოზიტივი, სიყვარული ამ ადამიანების მიმართ. ეკამ დაწერა ტექსტი, მუსიკა და მითხრა, ეს მე და შენ უნდა ვიმღეროთო. მართალი გითხრათ ძალიან შემეშინდა, იმიტომ , რომ აქამდე არ ვყოფილვარ იმ სფროში, სადაც თავს ვერ გავართმევდი კარგად, მაგარამ ამ ყველაფერს სხვა მისია ქონდა, მივხვდი, ძალიან თბილი გამოვიდოდა და დავთმე. ვინც ეკას იცნობს, კარგად იცის, რომ ეს ადამიანი ძალიან თბილი, ძალიან პოზიტიური და ძალიან მეგობრულია. ისეთი კარგი ატმოსფერო შემიქმნა, რომ კომფორტულად ვიგრძენი თავი. ისე, სიმღერა არ არის ჩემი საქმე და არცერთ შემთხვევაში არ ვიქნები იქ, სადაც ჩემი ადგილი არ არის.
კარგი ფოტოხელოვანიც ხართ. ძირითადად რას იღებს კახაბერის ფოტოკამერა? ახლა უკვე, როგორც ვიცით, საკუთარი ფოტოსტუდიაც გაქვთ , სადაც ძალიან საინტერესო ფოტოებზე მუშაობთ
როდესაც თეატრის გარეთ დავრჩი, რაღაც რეალიზება ხომ უნდა გამეკეთებინა ჩემი თავისთვის?! მაშინ ავიღე ფოტოაპარატი და დავიწყე ფოტოების გადაღება . მე არ მაქვს ამბიცია, მე არ ვარ ფოტოხელოვანი. შეიძლება მაქვს კარგი ნამუშევრები, მაგრამ ამ ეტაპზე არანაირ გამოფენას არ ვგეგმავ. ეს სხვა სიყვარულია, სხვა ჰობია. მე შემიძლია მხოლოდ ვთქვა, რომ ვარ მსახიობი, რეჟისორი. არჩევანის წინაშე რომ დადგეს საქმე, თეატრს ვერ დავთმობ და ფოტოგრაფიას ალბათ დავთმობ. ძალიან ესთეტი ვარ. ვიღებ იმას, რაც ლამაზია. ვცდილობ ამაშიც რაღაც სათქმელი ჩავდო. მაქვს ჩემი ფოტოსტუდია “ პირველი სტუდიო“, სადაც ვმუშაობ ფოტოებზე.
სხვა ჰობი არ მაქვს, თუმცა ხელოვნების ყველა დარგი ძალიან მიყვარს.
ის რაც ტელევიზიამ შეგძინათ. ამ სფეროსაც კარგად მოერგეთ.
ტელევიზიაში შემთხვევით და ძალიან მარტივად მოვხვდი. მიმყავდა ინფო–9 დილა და შემდეგ ვიყავი მეცხრე არხზე და დილის ეთერში ჩართვებს ვახორცილებდი კულტურის თემებით. ტელევიზიამ კიდევ ერთი კუთხით განმავითარა. მადლობა ამისთვის ქალბატონ ლუბა ელიაშვილს, რომელმაც ამის შანსი მომცა. ვისწავლე: სიუჟეტების კეთება. პირდაპირი ეთერის წაყვანა და ჩართვები. ტელევიზიიდან წამოვედი, რადგან თეატრისთვის დრო არ მრჩებოდა.
რა ფერები არიან ადამიანები შენს გარშემო.
ყველა ადამიანს თავისი ფერი აქვს და ფერებს იცვლიან, მაგრამ მე ალბათ მართლა ძალიან შევიცვალე ჩემი ტკივილებით, პრობლემებით, სიხარულებით და ამის მერე ყველა ადამიანი მივიღე ისეთი, როგორიც არის.უკვე ნაკლებად მწყინს. ღიმილით ვუყურებ ამ ყველაფერს. სამწუხაროდ იცით როგორ ცხოვრობენ ადამიანები? თითქოს საუკუნეებით ვართ მოსული და ავიწყდებათ, რომ სულ რაღაცა საათებს მოითვლის ჩვენი ცხოვრება. მეტს არა. ძალიან მწყდება გული . მე ჩემი მხრიდან ვცდილობ, რომ ეს დავაფასო და მათგან არანაირად აღარ ველი პასუხს. გავითავისე, რომ მეტს ამ სხეულით, ამ ფორმით ერთმანეთს ხომ ვეღარასდროს შევხდებით და ამიტომ მიყვარხართ ეხლა და არა ხვალ.
რა აკავშირებს ერთმანეთთან ადამიანებს.
ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს მთელი სამყარო, მთელი კოსმოსი. ყველას, უბრალო გამვლელს, თქვენც, მეც, გვაქვს ჩვენი მისია. თითო სიტყვა ქვეცნობიერად ახდენს რაღაც გავლენას, ყველა ადამიანი ერთმანეთთან დაკავშირებულია სხივებით. იმ ადამიანსაც ვინც მოდის და შენ გულს გტკენს, მასაც აქვს რაღაც მისია. მერე უკვე სხვა თემაა. შენ ამით გაძლიერდები, თუ დაგასუსტებს, ან უკან დაგხევს. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული!
რას ურჩევდით დამწყებ მსახიობებს ?
დამწყებ მსახიობებს ვურჩევდი, რომ თუ კითხვის ნიშანი აქვთ, რომ სამსახიობო თუ კბილის ექიმი, ან რამე სხვა სფერო და ამაზე ფიქრობენ, მაშინ სხვა სფეროს მიმართონ, თეატრი ეს ის ადგილია სადაც მსხვერპლად ეწირები და მის გარეშე მაინც ვერ ძლებ. ყველაფერს ღალატობ სცენის გარდა.
კახაბერ, სახლში გყავთ ძაღლი და კატა. მოგვიყევი მათ შესახებ.
კი ძალიან მიყვარს ცხოველები და განსაკუთრებულად მოქმედებს ჩემზე, როდესაც ვხედავ, რომ მათ სასტიკად ექცევიან. ერთი პერიოდი მათ დასაცავად გავერთიანდი „ცხოველთა დაცვის საზოგადოებაში“, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ძალიან განვიცდიდი და ვერ ვახერხებდი მათ დახმარებას. აუცილებელ გეგმად დავისახე , რომ მომავალში, თუ როდესმე რამეს მივაღწევ, მექნება მათთვის თავშესაფარი და სერიოზულად დავიცავ მათ უფლებებს . სახლში მყავს ძაღლი- ტობი და კატა- ტიბა. რომლებიც ძალიან მიყვარს.

მომავლის გეგემები ?
მომავლის გეგმები მაქვს, რომ ვიყო ძლიერი პიროვნება , ვიმუშაო საკუთარ თავზე ძალიან ბევრი და დანარჩენი, მინდა გითხრათ, რომ ვარ ძალიან ზარმაცი და გეგმების დასახვაც კი მეზარება ამიტომ ძალიან მჯერა სასწაულების და ჩემს ცხოვრებაში ის სულ ხდება და ეხლაც ველი სასწაულს.
და ბოლოს მიმართეთ საკუთარ მაყურებელს.
არ მგონია რომ საინტერესო იყოს ჩემი მიმართვა მე ხომ არავინ ვარ იმისთვის, რომ მივმართო. ერთადერთი, მადლობას გადაგიხდით, ვისაც შეხება ჰქონია ჩემთან და ვისაც ჩემი შემოქმედებით სიამოვნება მიგიღიათ. მხოლოდ სიყვარულია ყველაფერი. დაფასება და სითბო, დანარჩენი ყველაფერი წარმავალია. სიყვარულის ენერგია ცხოვრობს სიკვდილამდეც და სიკვდილის შემდეგაც მხოლოდ ჩვენთან. სიყვარულით ვიაროთ და არ მივატოვოთ და არც ის მიგვატოვებს არასდროს !
ირმა მირზაშვილი