пятница, 13 февраля 2015 г.

მაცნე


                           ....
 ნაპირნაპირ მიუყვებოდა აღმართს. მწვანე მოლზე ფეხი უცურდა. ალიონისთვის აესწრო. ნოტიო ჰაერში არეული დილის ცვარით გაჟღენთილი მიწის სურნელი ცხვირში ელამუნებოდა და სასიამოვნოდ აფხიზლებდა.საღამომდე უნდა ეჩქარა გაზეთების ჩამორიგება. უცებ, თითქო რაღაცამ უკბინაო დაფეთებულმა ჩანთა მოიხსნა და ფეხებთან დაიგდო. თან შეშინებული აქეთიქით აპარებდა თვალს ვინმე ხომ არ მხედავსო. გაზეთებში ჩადებული საგულდაგულოდ გატკიცინებული შავი ლეჩაქი ამოიღო.  გაშალა და მუხთალი ბედისგან სულმთლად გათეთრებული დატალღული თმები სასწრაფოდ მოაფარა დღის შუქს. მერე დაიხარა ჩანთა აიტაცა, მხარზე გადაიკიდა და ისევ აღმართს აუყვა. სახეზე მწარე ღიმილი უვლიდა. უკვირდა, ამდენი ხნის ქვრივს ეს როგორ დამემართაო..        მტვრისაგან გახუნებულ  მწვანე ხვიარა ბუჩქებზე, ეკლებითა და ჯაგრებით მოფენილ გრძელ ღეროებზე მაყვალი  გიშრის  მძივებივით კოხტად ასხმულიყო. დაფიფქული მოწითალო მოშავო წვნიანი კურკიანები უკვე მოსაკრეფი ჩანდა. დღესვე უნდა მოესწრო. პენსიების დრო ახლოვდებოდა და მერე ვეღარ მოიცლიდა.ეშურებოდა,რომ თავისი ობლები ზამთარში მაყვლის კომპოტის და მურაბის გარეშე ,არ დარჩენოდა.

        –
სოფიო,პენსიებისა რა ისმის?! ... –მალე იქნება მარო და პირველი შენ უნდა მოგიტანო. ღიმილით მიუგო ღობესთან მომდგარ მომლოდინე მოხუცს და ამჯერად მხოლოდ"ივრის განთიადი" და "კომუნისტი"გაუწოდა.
 
         მთელი ცხოვრება აღმადაღმა სიარულში გავატარეო. გვიყვებოდა მოგვიანებით. რა მექნა, ჩემს უმამო ვაჟებს ვინ გამიზრდიდა... მთელი ჩემი ცხოვრება კარგი და ცუდი ამბის მიმტანი ვიყავ, იყო დღეები  ორივესი ერთდროულადაო. ყველაზე მძიმე ის იყო,სიხარული და სატკივარი ერთნაირად რომ უნდა გამეზიარებინა. ხშირად ყოფილა წვიმასა და ავდარში  ღელეღელეც მივლია ჩემი მძიმე ჩანთით და თაკარა  მზეშიც გზის დასამოკლებლადო. გზად ნისლიც ჩამომწოლია და უკუნეთიც დამდგომია, მარტო დარჩენილი ძაღლსაც შევუშინებივარ და   კაცსაც. კაცთაგან უფრო ვიყავ დასაცავი, თორემ ცხოველები ადვილად მიმეგობრებოდნენ და კუდის ქიცინით უბნიდან უბნამდე მეგზურობასაც მიწევდნენ.... ვინ იცის, რამდენი საჭირბოროტო საკითხი გადამიწყვეტნია მათთან ერთდ ხეტიალშიო.... არ მომწონდა ჩემი ჯვარი, მაშინ ჯერ არ ვიცოდი თურმე ამაზე დიდი ჯვრის ტარება მომიწევდაო.  ამბობენ , უფალი იმდენ განსაცდელს არ მოგივლენს ატანა ვერ შეძლო, მართალი ყოფილა. აკი  ვიტანდი კიდეც. ვხვდებოდი ამაშიც უფლის ხელი ერია და იმიტომო.  ჯვარი ხანდახან ძალიან  მძიმდებოდა ის იყო გამსრესდა რომ   სწორედ მაშინ გამომიჩენდა დალოცვილი რამე ისეთს, ყოფას რომ მიმსუბუქებდაო...
  

...
როცა  შემოდგომით  სოფელში ჩავდივარ და  გზებზე მოფენილ ხეებიდან ჩამოცვენილ კაკალს დავინახავ, სულ მგონია საიდანმე გამოჩნდება ბებიაჩემი დალოცვილ ხმელ გულმკერდში  ჩამიხუტებს და ხელში  ჯაფისაგან დაკოჟრილი ხელებით ჩემთვის მოგროვილ კაკლებს ჩამიყრის.

Комментариев нет:

Отправить комментарий