пятница, 13 февраля 2015 г.

ედუარდ უგულავა – როცა არატრადიციულად აზროვნებენ და ეს განათლება ჰგონიათ, ამაზე დიდი გულის ტკივილი რა უნდა მქონდეს?!




ბევრმა არ იცის , რომ მაია წყნეთელის  როლის  საუკეთესო შემსრულებელთა ხუთეულში შემავალ  ქალთაგან  ერთერთი  მისი დედა, ხონის  თეატრის გამორჩეული  მსახიობი ქალბატონი გულიადა სანოძეა, რომელსაც ბევრ  პროფესიულ ტიტულებთან ერთად სულ ახლახანს საკუთარმა თანაქალაქელებმა ყველაზე ძვირფასი " ღირსეული შვილების ღირსეული დედის" ტიტული მიანიჭეს. დღეს , მისი ერთერთი ღირსეული შვილი კალმოსანი ედუარდ უგულავა ჩვენი რუბრიკის სტუმარია, რომელიც მიუხედავად იმისა , რომ ატრში გაიზარდა მსახიობობაზე არასდროს უფიქრია. საკუთარ თავში წერის ნიჭი ადრევე აღმოაჩინა და სამოღვაწეოდ ის სფერო აირჩია რაშიც საკუთარ თავს კარგად ხედავდა. ხონის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში ჩააბარა სადაც ლიტერატორის  სპეციალობით ფაკულტეტი  იმავე  წელს სწორედ მისნაირი ახალგაზრდებისთვის გაიხსნა, რომლებიც წერდნენ და ამ კუთხით სურდათ დაოსტატება.  უკვე  ყველა თაობის საყვარელი  პოეტი  საკუთარ განვლილ გზაზე  თვითონ გვიამბობს.
ყველა თაობისთვის  წერთ. როდის დაიწყეთ წერა.
 
ვწერდი ბავშვობისას ცოტ-ცოტას, თუმცა სკოლის დამთავრების შემდეგ მივხვდი, რომ ლექსების წერას სერიოზულად დავიწყებდი. ვწერ,  მეტ-ნაკლებად ყველაფერზე, რა თემაზეც წერა შეიძლება... გააჩნია რა განწყობაზე ვარ. მაქვს საბავშვო ლექსებიც, ამიტომ, ვფიქრობ ყველა თაობისთვის ვწერ, შეძლებისდაგვარად, რათქმა უნდა. მაქვს ოცნება ბავშვებისთვის შევქმნა სასურველი ნაწარმოებები და მაქსიმალურად გამოვიყენო ჩემი შესაძლებლობები ამ სფეროში.

ბავშვობა. დავიბადე ხონის რაიონის სოფელ გორდში. სამი წლის ვიყავი, როცა ჩემი ოჯახი ხონში გადმოვიდა საცხოვრებლად. მშვენიერი ბავშვობა მქონდა. ხატვა მიყვარდა ძალიან. მეორე კლასში ვიყავი ჩემი ნახატები მოსკოვში მოხვდა საბავშვო გამოფენაზე. მეგონა მხატვარი გამოვიდოდიბევრი რამ ვისწავლე ჩემს ოჯახში: ადამიანის სიყვარული... წიგნის სიყვარული... ზოგადად ხელოვნებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება. ხონის თეატრის მსახიობი   გულიადა სანოძე, დედაჩემი გახლავთ . ელი ბავშვობა ლამის ამ თეატრში გავაარე. ვესწრებოდი რეპეტიციებს, სპექტაკლებს. ამ ყველაფერმა ჩემში განსაკუთრებული კვალი დატოვა.

მსახიობობაზე არ გიფიქრიათ?
არ მიფიქრია, თუმცა ერთხელ ვითამაშე კიდეც იავნანამ რა ქმნა!"- ში, ახალგაზრდული კავშირის მიერ განხორციელებული სპექტაკლი იყო.

 ბევრი ლექსი გაქვს სიყვარულზე. ქალზე.

 რაც თავი მახსოვს სულ შეყვარებული ვარ და ამ თემაზე არაერთი ლექსი შემიქმნია, მაგრამ კონკრეტულ პიროვნებაზე იშვიათად დამიწერია, თუმცა ჩემი ცხოვრება ისე აეწყო, რომ მეუღლე ჯერ-ჯერობით არ მყავს.

 რამდენი კრებულის ავტორი ართ?
სამი წიგნის ავტორი ვარ: "გულში შენ ხარ!", "ეს შენა ხარ - მომავალი ჩვენი!" და "თუ გეყვარება..."ალბათ ეს ჩემი განვლილი ცხოვრების სამი ეტაპია.

რა მოგიტანეს თქვენმა ლექსებმა. .
 როგორ გითხრათ?!. ალბათ გარკვეული პოპულარობა და უფრო მეტი პასუხისმგებლობის გრძნობა

პირველი  ღირებული შეფასება  ვისგან მიიღეთ.
მახსოვს, ჩემ ლექსზე პირველი ღირებული შეფასება ბატონმა მიხეილ ქვლივიძემ გააკეთა. დროთა განმავლობაში არაერთ ღირსეულ ადამიანს შეუფასებია დადებითად ჩემი შემოქმედება, თუმცა, ყველაზე კარგი შეფასება იმ უცხო ადამიანებისაგან მიმიღია, რომლებიც არ მიცნობდნენ და ჩემი ლექსები ზეპირად იცოდნენ
ლიტერატურულ საიტებზე რა შეგიძლიათ გვითხრათ, როგორ ფიქრობთ, რა დადებითი და უარყოფითი თვისება აქვს გაციფრებულ ლიტერატურას?
ერთი მხრივ კარგია, რადგან მკითხველს ადვილად შეუძლია ეზიაროს სხვის  შემოქმედებას, მეორე მხრივ - ცუდია, იმიტომ, რომ ბევრს გაუჩნდა პრეტენზია პოეტობისა და თითქოს ყველაფერი ერთმანეთში აირია. არადა, ლექსის წერას არა მარტო ნიჭი, ცოდნაც ჭირდება... ლექსის წერის ცოდნა..

ლიტერატურულ კონკურსებში გაიმარჯვეთ.  რა კონკურსები იყო  და რა მოგცათ თქვენმა გამარჯვებამ.
 
2010 წელს გავიმარჯვე კონკურსში "საცნობლად თავისადაო" (საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის თბილისის თავისუფალი ორგანიზაცია), ხოლო 2014 წელს - კონკურსში "წმინდა ნინოს ჯვარი" (ქრისტიანული პოეზიის IV ფესტივალი). ამ გამარჯვებებმა განმიმტკიცა რწმენა, რომ რაღაც ხელშესახებს ვაკეთებ ამ სფეროში.

ის რაც  პოეტებს  აერთიანებთ და აშორებთ .
 ისე, სიმართლე რომ ვთქვათ, პოეტებს რაც აერთიანებთ და აშორებთ? - ნიჭია..


როგორია საკუთარ თავთან მარტოდ დარჩენილი პოეტი?
შეიძლება ყველაზე კარგად მართლა მაშინ ვგრძნობ თავს, როცა მარტოვარ. შემიძლია ვწერო, ვიოცნებო, ვიფიქრო... ერთი სიტყვით თავისუფალი ვარ...

რასაც ყველაზე მეტად აფასებთ ადამიანებში.
ყველაზე
მეტად პატიოსან ადამიანს ვაფასებ. ადამიანს, რომელმაც თავისი ადგილი იცის და სხვას დაუმსახურებელ პრობლემას არ შეუქმნის.
პოეტის ბედი საქართველოში. თუ ქართველი პოეტების ბიოგრაფიებს თვალს გადავავლებთ, პასუხი ნათელია: ზოგის საფლავი არ ვიცით, ზოგი უცხოობაში გარდაიცვალა, ზოგს ტყვია ესროლეს, ზოგმა თავი მოიკლა, ზოგს შიმშილით ამოხდა სული, ზოგი გიჟად შერაცხეს... თუმცა ამ ადამიანებს არასოდეს უღალატიათ სამშობლოსთვის, ქართული ენის სიწმინდისთვის.სამწუხაროდ დღეს პირიქით არის, თუ პატრიოტიზმსა და ტრადიციებზე არ იქილიკე, თუ უწმაწური სიტყვები და თემები არ გამოიყენე ნაწარმოებში, თუ სარწმუნოებას არ ებრძოლე, საინტერესო არა ხარ, იმ გარკვეული ჯგუფებისათვის, რომლებიც ყველა მთავრობის დროს საკმაოდ ძლიერ ბერკეტებს ფლობდა და ფლობს ამ სფეროში.

გულისტკივილი.
როცა შენი ქვეყანა დანაწევრებულია, როცა უნიჭობა, სიყალბე და უზნეობა ზეიმობს, როცა ქართული ენა შეგნებულად ირყვნება და ამას მთავრობა ხელს უწყობს, როცა არატრადიციულად აზროვნებენ და ეს განათლება ჰგონიათ, ამაზე დიდი გულის ტკივილი რა უნდა მქონდეს?! 

თქვენს ლექსებზე სიმღერებია შექმნილი.
ახლახანს ჩემს ლექსზე  მუსიკა დაწერა მიშა ზაქარიაშვილმა და თავად შეასრულა. სხვადასხვა დროს შექმნილ სიმღერებს ტრიო სიმი",  „ალილო“" , დეა ლაბაძე ასრულებენ.

 პედაგოგად  მუშაობდით. რა ბერკეტებს იყენებდით მოსწავლეებთან ურთიერთობისას.
პირველ რიგში მიყვარდა მოსწავლეები და ვუყვარდი მათ. ასევე ვცდილობდი კარგად ამეხსნა, რომ მათ სხვა მნიშვნელოვანი საქმე არ გააჩნდათ გარდა სწავლისა...ჩემი აზრით პედაგოგი, პირველ რიგში, უნდა ცდილობდეს, რომ მოსწავლე ადამიანად აღზარდოს. სხვა ყველაფერი დანარჩენია...

რას ეტყოდა  დამწყებ  პოეტებს  გამოცდილი პოეტი?
დამწყებ პოეტებს ვეტყოდი, ბევრი იკითხონ, იშრომონ, სხვისი ნუ შეშურდებათ და ყველაფერი გამოუვათ.

ოცდაათამდე წიგნის რედაქტორი ბრძანდებით. სხვადასხვა მნიშვნელოვან გამოცემებში გაქვთ მონაწილეობა მიღებული.  როგორია  დღეს  კრიტიკისადმი დამოკიდებულება.
საქართველოს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ტრადიციები გააჩნია... თუმცა, სამწუხაროდ, დღეს კრიტიკა აღიქმება, როგორც ლანძღვა-გინება... თუმცა იწერება ჯანსაღი წერილებიც, ოღონდ იშვიათად... იმედია გამოსწორდება მდგომარეობა და ლიტერატორები ისევ დაეხმარებიან მკითხველებს ნაწარმოების სწორად შეფასებაში.ეს რომ მოხდეს, მკითხველი თვალებს არ დაუჯერებს, იმდენი დღეს ცნობილი სახელი აღმოჩნდება ლიტერატურულ სასამართლოზე და სასჯელი დამერწმუნეთ მსუბუქი არ იქნება...

საკუთრ თავთან ხშირად დასმული კითხვა .
საკუთარ თავზე უკეთესს ვის დაველაპარაკები?!( იღიმება)
ხომ არ დაიღალე ამ ყველაფრით, რაც ირგვლივ ხდება?

მკითხველს ხომ არ ეტყოდით რამეს?
რას ვეტყვი და მიყვარს ჩემი მკითხველი!.. მიყვარს, იმიტომ, რომ გემოვნებიანი ხალხია!(იღიმება)

თქვენი  ლექსით  დავასრულოთ  ჩვენი ინტერვიუ.


ძიძები

როგორც იქნა შეგიჩვიეს ძიძებმა,
გიამბობენ ზღაპრებს ტკბილი ქართულით.
შენ ღიმილით გიყვარს გამოღვიძება,
ხარ ბავშვი და ცხოვრებასთან არ სტყუი.
ჩემო კარგო, ჯერ არ იცნობ სიყალბეს
და მტირალიც ცისკრის დარად ხმიანობ,
რა თქმა უნდა, გულით უნდა გიყვარდეს
ვინც გაგზარდა,ჩემო ხუჭუჭთმიანო.
მაგრამ მერე, როცა დიდი იქნები,
თქმა არ უნდა, შენც მიხვდები ღვთისფერო,
იავნანას ვერ მღერიან ძიძები,
იავნანა დედამ უნდა იმღეროს!

  https://www.youtube.com/watch?v=Stxcm0q08HQ                                                                                                                                                                                                                                                                                 ირმა მირზაშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий