суббота, 23 января 2016 г.

მოგონებები ვაჟა– ფშაველაზე ( ნაწყვეტი)


გასული საუკუნის 80–იან წლებში რუსეთში გამოჩნდა ერთი უცხო ტომიყლაპია, კაზაკთა ატამანი თუ მოატამანო, ვინმე ანესოვი, რომელიც მცირე ერთა დაპყრობის აზრებს ქადაგებდა და რუსეთის მეფის მთავრობის მხრივ დიდი წარმატება მოიპოვა. რუსთ ბატონობის მომხრე გაზეთებიც ტაშს უკრავდნენ. სადაც წავიდოდა , ყველგან გაზეთები დიდის ქებით იხსენიებდნენ . მაგრამ ასეთივე ზეიმით არ შეხვდნენ საქართველოში. აქ იმ დროის გაზეთ "დროების" რედაქტორმა ს. მესხმა ეს ამბავი გულცივად და უფრო უარყოფითად აღნიშნა.


ერთ დღეს ვსხედვართ რედაქციაში სერგეი მესხი, ახალგაზრდა ვაჟა და მე. ამ დროს შემოიჭრა ერთი შუატანის კაზაკურად ჩაცმული კაცი და შემოჭრისთანავე იკითხა:– რედაქტორი რომელია?
–მე გახლავართ,– მიუგო სერგეი მესხმა
– მე ანოსოვი გახლავართ.
–ძლიერ სასიამოვნოა!
–თქვენ დაწერეთ ჩემზე?
–ჩვენ დავწერეთ.
–მერე როგორ გაბედეთ!? მთელი რუსეთი ხელის გულზე მატარებს, თქვენ კი!...– შესძახა ხმამაღლა და ხანჯალი შეისწორა.
– ბატონო, ნუ ყვირით, აქ რედაქციაა!– მიუგო სერგეი მესხმა. ცოტა არ იყოს შემკრთალმა, მეც სიცხე დამადგა: აქ ხანჯლით არ დაგვერიოს–მეთქი.
–როგორ თუ ნუ ვყვირი!– ახლავე დასწერეთ თქვენივე საწინააღმდეგო ჩემი საპატიო წერილი, ტორემ...– და ხანჯლის ტარზე იტაცა ხელი.
სერგეი კიდევ უფრო წახდა, შევკრთი მეც,ხოლო ვაჟამ დინჯად მიუგო:


–თორემ?
–თორემ გაჩვენებთ სეირს,– და გადახედა შემკითხველს.
–ვიდრე გვაჩვენებდეთ, თვითონვე ნახეო,– მიუგო ვაჟამ , წამოხტა, უცებ შეატრიალა, ჭიტლაყი ამოჰკრა და გარეთ გაუძახა...
–სადაც შენი დაიკვეხო, ჩვენიც არ დაივიწყოო.
იმ წუთას გულზე მოგვეშვა, მაგრამ ქუჩაზე გავლისა კი მერიდებოდა, ეს დამთხვეული არსად შეგვხვდეს, ხანჯალი არ გვატაკოს–მეთქი... მაგრამ ვაჟას ჭიტლაყი ისე ემაგრა ანოსოვს, რომ მეორე დღიდანვე ტფილისიდან გამქრალიყო, ქუჩაში არსად შემხვდესო...
დააბოლოვა აკაკიმ სიცილით, მერე დაუმატა: დიაღ,ჩემო რედაქტორო, მე იშვიათად მინახავს მწერალი, რომ სიტყვა და საქმე ასე ერთი ჰქონდეს, როგორც ვაჟას... მას დღეს აქეთ იგი ჩემს გულში კელაპტარივით ანთია!..

იოსებ იმედაშვილი.