среда, 11 ноября 2015 г.

ვინ არის jok.ge-ის შემქმნელი და რა გახდა კარტის თამაშების გაუქმების მიზეზი?!...



ხუთშაბათი, 12 ნოემბერი, 2015 - 00:27
კომპიუტერში გასართობი გვერდი ძალიან ადრეულ ასაკში, თხუთმეტი წლისამ შექმნა და მას შემდეგ, როგორც თავად ხუმრობს, საიტი მასთან ერთად ვითარდება. მისი კონკრეტული მიმართულება პროგრამირების კუთხით განვითარებაა. მუდმივად ძიებაში მყოფს საკმაოდ ბევრი გეგმა აქვს... როგორ შეიქმნა გასართობი საიტი jok.ge, რა გახდა კარტის თამაშების გაუქმების მიზეზი, ვინ არის ეზეკ ზიბზიბაძე და როგორია მისეული წარმატების ფორმულა, ამ და სხვა საკითხებზე „ვექტორი“jok.ge-ის შემქმნელს ეზეკ ზიბზიბაძეს ესაუბრა.
- ეზეკ, როდის გაგიჩნდა კომპიუტერის მიმართ ინტერესი?
- კომპიუტერების ინტერესი ყოველთვის მქონდა. პირველი კომპუტერი ხუთი წლის ასაკში მქონდა - „SEGA“. თანთადან ინტერესი ღვივდებოდა და გადავდიოდი ახალი თაობის კომპიუტერებზე. მშობლები ჩემს დაინტერესებას ამ მიმართულებით დიდ ყურადღებას აქცევდნენ, ხელს მიწყობდნენ და შესაბამისად ახალ-ახალი თაობის ტექნიკა საშუალებას მაძლევდა მეტად განვვითარებულიყავი. ცამეტ წლამდე მხოლოდ თამაშებით ვიყავი დაინტერესებული. თუმცა, ინტერესი მუდმივად იზრდებოდა და როდესაც გავიგე პერსონალური კომპიუტერის შესახებ, მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც ახალი იყო, რაც ჩემი იდეების რეალიზებაში დამეხმარებოდა. ეს იყო ე.წ. „Pentium 1“.  გადავწყვიტე სადმე  მომეძებნა შესაბამისი სასწავლებელი  და მესწავლა უფრო მეტი. როგორც აღმოჩნდა იმ დროისათვის  ყველა თვითნასწავლი იყო და რამე განსაკუთრებული სასწავლო ცენტრი არ არსებობდა. ცოტა ხანში „რუსთავი 2“-ის  შენობაში მივაგენი  სტუდენტთა ჯგუფს, რომლებიც  ამ საქმეში   გამოცდილები აღმოჩდნენ. პატარა ფირმა, „Prof IT“ ჰქონდათ შექმნილი, საკუთარ გამოცდილებას  დაინტერესებულ ახალგაზრდებს უზიარებდნენ. საკმაოდ ბევრი ვისწავლე მათგან და ისინი დღესაც ჩემი მეგობრები არიან. ძირითადი ელემენტები ავითვისე. იმ დროისთვის საკმაო ცოდნა შევიძინე: კომპიუტერის დაშლა-აწყობა, ვინდოუსის დაყენება... უკვე ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება მჭირდებოდა. მაშინ ჭირდა კომპიუტერის ხელოსნის პოვნა, ამიტომ მე თვითონ დავიწყე სახლებსა და ორგანიზაციებში სიარული, რაც მართლა დიდი საქმე აღმოჩნდა გამოცდილების მისაღებად. მინდა აღვნიშნო, რომ დედა ძალიან დამიდგა გვერდით. პირველად სწორედ მან მირჩია და ერთად განვათავსეთ პირველი განცხადება „სიტყვა და საქმე“-ში. პატარა ვიყავი და არ ვიცოდი, მსგავსი ტიპის განცხადებები თუ კეთდებოდა. უკვე მოგახსენეთ,  ამ სფეროში ბევრი სპეციალისტი არ იყო და გამოცდილებასთან ერთად გამიჩნდა საკუთარი  სტაბილური შემოსავალიც. დამქირავებელს ერთ მისვლაზე მხოლოდ „ვინდოუსს“ როდი ვუყენებდი. მიმქონდა  სახლში დამუშავებული დამატებითი სისტემები, ვუხსნიდი მათ საჭიროებას და ვთავაზობდი. შესაბამისად, მომსახურების გასამრჯელოც იზრდებოდა. უარს არავინ ამბობდა, რადგან ყველას სჭირდებოდა ანტივირუსი, „ვორდი“, „ექსელი“. „GeoFinder“ იყო ისეთი პროგრამა, რომელზეც ყველა სიხარულით მთანხმდებოდა, ეს იყო ძალიან მოქნილი სისტემა:  ჩაწერდი ტელეფონის ნომერს და გეუბნებოდა ვინ იყო ნომრის პატრონი. ასევე, თუ   სად ცხოვრობდა ის.
- ამ დროს ჯერ ისევ მოსწავლე იყავით, ასაკი ბარიერს არ გიქმნიდათ?
ბევრი სახალისო ისტორია მაქვს ამ წლებთან დაკავშირებით. როგორც გითხარით, ცამეტი წლის ვიყავი. ასეთ პატარას რომ დამინახავდნენ, ჯერ ეჭვით ამათვალიერებდნენ,  მერე მეკითხებოდნენ სტუდენტი ვიყავი თუ არა. როცა ვპასუხობდი, რომ სკოლის მოსწავლე ვიყავი, შეშფოთებულები მეკითხებოდნენ - ნამდვილად შეგიძლია და არაფერს წაგვიშლიო, თუმცა ნებას მაინც მრთავდნენ. ჩემს საქმეს მოვრჩებოდი თუ არა, ნახავდნენ რომ ყველაფერი რიგზე იყო და ღიმილიანი სახით მაცილებდნენ. მე კი გასამჯელოზე მეტად ის მიხაროდა, რომ კმაყოფილს ვტოვებდი. ეს იყო დიდი სტიმული მომავალში მეტი საინტერესო და საჭირო რამის შექმნისთვის. ეს იყო IT მომსახურება და ენის შესწავლა. სახლში ბევრს ვმუშაობდი კომპიუტერთან. დავძვრებოდი ინტერნეტში. მართალია ენის ბარიერის გამო ცოტა მიჭირდა, მაგრამ შეძლებისდაგვარად ყველა საინტერესო მასალას ვისრუტავდი. ვხვდებოდი, ბევრად შორს შემეძლო წასვლა. ცოტა ხანში უკვე IT მომსახურების კუთხით დავიწყე მუშაობა.  ორგანიზაციებს ვემსახურებოდი. პირველი ნოტარიუსთა პალატა იყო, რომელსაც ამ კუთხით მოვემსახურე.  ჩემს მეგობრებთან დავიწყე მუშაობა "GM Design"-ში.  ამ ორგანიზაციის სახელით  ვუწევდი საჭირო ტიპის მომსახურებას სხვადასხვა ორგანიზაციებს. პარარელურად  განუწყვეტლივ  ვაგრძელებდი საჭირო მასალის  მოძიებას  ინტერნეტში. გაჩნდა აუცილებლობა ენა მესწავლა, რომელზეც უფრო მეტი ინფორმაცია იყო  მოცემული, ეს გახლდათ  რუსული და ინგლისური. მე ინგლისური ავირჩიე - მხოლოდ ტექნიკური განხრით. ენის შესწავლის შემდეგ ბევრი რამ გამიიოლდა. შემდეგ ეტაპზე დამოუკიდებლად ვქმნიდი პროგრამებს და ვაკეთებდი ვებსაიტებს, რაზეც საკმაოდ დიდი მოთხოვნა იყო.
- სასწავლებლად  თსუ  აირჩიეთ, თუმცა იმედი გაგიცრუვდათ...
- თსუ-ში გადავწყვიტე სწავლის გაგრძელება იმ იმედით, რომ იქნებ რამე სიახლისთვის მიმეგნო.  ჩავაბარე პირველი ერთიანი ეროვნული გამოცდები, დაფინანსებაც მოვიპოვე და ეროვნული გამოცდებით აღფრთოვანებული, რეფორმირებულ სასწავლებელს ველოდი, მაგრამ  იქ ძველი ლექტორები დამხვდნენ. მივხვდი მათ მხოლოდ თავიანთი მათემატიკური განათლების გადმოცემა შეეძლოთ კარგად. მათემატიკა, რა თქმა უნდა, მეტად საჭირო მეცნიერებაა ნებისმიერი ადამიანისთვის, თუმცა, როდესაც მიდიხარ კონკრეტული მიმართულებით, ბევრი სხვა რამ გჭირდება. ამიტომ, მოლოდინმა არ გაამართლა. მე მაინტერესებდა კონკრეტულად პროგრამირების სწავლა, რომელსაც ძალიან ბევრი მიმართულება აქვს. პროგრამირების ერთ-ერთი უპირატესობა სხვა პროფესიებთან შედარებით არის ის, რომ შეიძლება მინიმალური რესურსით დიდი და კარგი საქმის გაკეთება. ორმა ან სამმა ადამიანმა შეიძლება ისეთი იდეის განხორციელება მოახერხოს დროის პატარა მონაკვეთში, რომელმაც რამდენიმე წელიწადში შეიძლება მილიონი ან თუნდაც მილიარდი მოიტანოს, უცხოეთში ამის არც თუ ისე ცოტა მაგალითი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოშიც შეიქნას მსგავსი პროექტი, რაც მთელი მსოფლიოს დამოკიდებულებას შეცვლის ჩვენი ქვეყნის მიმართ. კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ  მომწონს ეს პროფესია არის ის, რომ დამოკიდებული ხარ იდეებზე. კარგი და უნიკალური იდეები საკმაოდ ფასობს ამ სფეროში. თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ამ იდეის სისრულეში მოყვანა დროულად მოხდეს, სანამ ვინმე დაგასწრებს.
- სხვადასხვა ორგანიზაციებისთვის ბევრი სარიოზული პროექტი განახორციელეთ. რომელი იყო პირველი და წარმატებული პროექტებიდან რომელს გამოარჩევდით?
- ამ ყველაფრის მერე გამოჩნდა ვაკანსია კომპანია “UGT”-ში, სადაც დავიწყე მუშაობა. მაიკროსოფტის პროგრამა იყო - “Navision“, რომლის შესწავლაც ნულიდან  მომიწია და რომელიც შემდგომ წარმატებით დავნერგეთ Elit Electronics-ში. ის დღემდე ამ პროგრამით ემსახურება თავის კლიენტებს და ფინანსურ აღრიცხვას აწარმოებს. ამის მერე ძალიან  ბევრგან ვიმუშავე. იყო კარგი პროექტები. ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. სულ ძიებაში ვარ და რაც დრო გადის, სულ უფრო მკაფიო ხდება, თუ რა მიმართულებით უნდა მივმართო ჩემი პოტენციალი. ზოგადად ვფიქრობდი და ახლაც ვფიქრობ, რომ ჩვენთან ადამიანის უნარები შეზღუდულია. მე  ძალიან დიდ შესაძლებლობებს ვხედავ ამ კუთხით. წარმოსახვის უნარი დიდი გვაქვს ადამიანებს, აქედან გამომდინარე, ჩვენი შესაძლებლობები ულევია. ჩემი აზრით, შეუძლებელი არაფერია. თუ ადამიანი მოინდომებს, თქვენ წარმოიდგინეთ, კოსმოსში გაფრენა და ერთი გალაქტიკიდან მეორეში გადასვლაც კი შესაძლებელია, თან საკმაოდ მარტივად, საკმარისია თვალები დავხუჭოთ და ეს ყველაფერი წარმოვიდგინოთ გონებაში. იმის თქმა მინდა, რომ ნებისმიერი თავში მოსული საინტერესო იდეის სისრულეში მოყვანა   შეიძლება კომპიუტერის საშუალებით.
- როგორ გაჩნდა ცნობილის საიტის jok.ge-ის იდეა?
- ერთხელ მეგობარმა მითხრა: დროა, რამე ღირებული შექმნაო. ბევრი ვიფიქრე მის ნათქვამზე, თუმცა იმ წუთას საინტერესო არაფერი მომივიდა თავში. ზაფხული იყო და სოფელში წავედი დასასვენებლად. ყოველ საღამოს მეგობრები ჯოკერს ვთამაშობდით. ზაფხული უცებ გაილია. სასწავლო წელი იწყებოდა და ერთად ყოფნის ტკბილ დღეებთან ერთად უკვე საათები და წუთები  გვეწურებოდა. გული გვტკიოდა, რომ  მეორე დღეს  ზოგი თბილისში ბრუნდებოდა, ზოგიც-მოსკოვში. რა კარგი იქნება კომპიუტერით სახლებიდან რომ შეგვეძლოს ასე თამაში - თქვა გულდაწყვეტით ერთ-ერთმა მეგობარმა. სხვებიც აღფრთოვანდნენ. თუმცა, ამ ყველაფერზე როგორც მიუწვდომელ ოცნებაზე, ისე საუბრობდნენ. იმ წუთიდან მოსვენება დავკარგე. იმავე ღამით საწოლში მოვხაზე დაახლოებითი სქემა და როგორც კი თბილისში ჩამოვედი, სერიოზული მუშაობა დავიწყე, რათა ამ საოცარი იდეისთვის ხორცი შემესხა. გავაკეთე ვებსაიტი, რომლის საშუალებითაც საკუთარი სახლებიდან კომპიუტერის გამოყენებით  ადამიანებს შეუძლია ერთ მაგიდას მიუსხდნენ და ერთად ითამაშონ არა მარტო „ჯოკერი“, არამედ ყველასათვის საყვარელი თამაში „ნარდიც“, ასევე  სხვადსხვა თამაშები. ვებგვერდი  დროდადრო იხვეწება და ვითარდება. ბედნიერი ვარ, რომ მეგობრებს  სურვილი ავუსრულე და არა მარტო მათ. მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან შესაძლებელია ვისაც სურვილი აქვს შემოვიდეს და გაერთოს, ასობით ადამიანს მიეცა დაუსწრებლად ერთმანეთთან კონტაქტის შესაძლებლობა  და  როცა იცი, რომ  ეს ყველაფერი შენ შეაძლებინე, საოცარი  შეგრძნებაა! ეს არის პროექტი, რომელიც  ჩემთან ერთად იზრდებოდა, ან მე ვიზრდებოდი მასთან ერთად, ასეც შეიძლება ითქვას. პირველი პროტოტიპი რა ტექნოლოგიებიც ვიცოდი იმ ტექნოლოგიებით გავაკეთე, თავიდან მხოლოდ კომპიუტერი იყო შენი მოწინააღმდეგე. დავდე ინტერნეტში თუ არა დიდი ინტერესი გამოიწვია, თუმცა იყო ბევრი შეცდომა, მაგალითად, დარიგებისას  რამდენიმე ჯოკერი მოდიოდა. შემდეგ დავხვეწე, რამდენიმე ვერსია შევქმენი და როცა დასტაბილურდა, უკვე დავიწყე ონლაინ ვერსიაზე ფიქრი. უკვე გასწორებული პირველი ვერსია 2008 წელს გავუშვი, თუმცა, ცოტა ხნით ხელი შემეშალა, რადგან აგვისტოს ომი დაიწყო. რეზერვისტი ვიყავი. როცა ყველაფერი მორჩა, ჩემს საქმეს დავუბრუნდი. თავიდან ძალიან გადაიტვირთა საიტი. ბევრი მომხმარებელი შემოდიოდა. შემდეგ როცა დასტაბილურდა,  უკვე  ჩვეულ რეჟიმში განაგრძო მუშაობა პორტალმა.  ჩემს ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, რა თქმა უნდა, პორტალიც ვითარდებოდა. დაახლოებით რვაჯერ არის გადაწერილი საიტი და  თავიდან გაკეთებული.
- ვინმე თუ გეხმარებათ?
- თავიდან მე ვაკეთებდი ამ ყველაფერს. შემდეგ, როცა ამოცანა გართულდა, ყველაფრის ერთი ადამიანის მიერ კეთება რთული გახდა. მიუხედავად იმისა, რომ  მინდოდა შექმნით სრული სიამოვნება თავად მიმეღო, შეუძლებელი აღმოჩნდა. ამიტომ დავყავი მოდულურ სისტემებად და კონკრეტული მოდულის ინპლემენტაციას კონკრეტული ადამიანი აკეთებდა. ზოგ შემთხვევაში ეს შეკვეთა იყო, ზოგჯერ ენთუზიაზმიც. ამ ყველაფერმა ისეთი შემოსავალი არ მოიტანა, როგორსაც ველოდი, თუმცა ამ მიმართულებით უფრო განვვითარდი.  
- როგორც ვიცი კარტის თამაშების გაუქმება მოგიხდათ, რატომ?
- კარტის თამაშების გაუქმებას თავისი ისტორია აქვს. ერთხელ მამაოსთან აღსარებაზე მისასვლელად ვემზადებოდი. ცოდვების წიგნში ვნახე, რომ ბანქოს თამაში დიდ ცოდვად ითვლებოდა. როდესაც მამაოს ამის შესახებ ვკითხე, ამიხსნა: ბანქოს ქაღალდზე გამოსახული ნახატები თავის დროზე ქრისტეს დასაცინად წარმოადგინესო. მოგეხსენებათ ჯვრით თამაშობ და ჯვრის გაჭრა ცოდვად ითვლება და ა.შ. ამის მერე არ მასვენებდა ფიქრი იმაზე, თუ როგორ შემეცვალა ეს ყველაფერი, რადგან აღმოჩნდა, რომ ჩემს მიერ შექმნილი თამაშებით ადამიანებს უნებლიედ ცოდვაში ვაგდებდი. ფიქრები გაძლიერდა და 2013 წლის დასაწყისში გადავწყვიტე გამეუქმებინა კარტის თამაშები, რამაც თავიდან ჩვენს მოთამაშეებში დიდი მღელვარება გამოიწვია, რადგან ჯოკერის მოთამაშეთა რიცხვი პორტალზე დიდი იყო. ისინი ნელ-ნელა ტოვებდნენ გვერდს. ამით პორტალმა დიდი დარტყმა მიიღო. მიუხედავად ყველაფრისა ვფიქრობ, რომ სწორად მოვიქეცი. სხვა შემთხვევაში დისკომფორტს ვგრძნობდი და ვეღარ ვაგრძელებდი მუშაობას. მათთვის ანგარიშის გაწევა თუ მომიწევდა პორტალი უნდა  გამეყიდა, რომელსაც სავარაუდოდ რომელიმე კაზინო შეიძენდა და ის გემბლინგის მიმართულებით განვითარდებოდა. ამას ვერ დავუშვებდი. მეორე მიზეზიც იყო. ის, რომ ეს გახლავთ ადგილი სადაც ყველა საინტერესო იდეა შემიძლია განვახორციელო და გავუზიარო სხვებს. შევქმნა უვნებელი თამაშები, რომელიც ფულს არ ემსახურება. აქ შემოსულ მოთამაშეს უარყოფითი განწყობა დადებითით შევუცვალო. განსაკუთრებით კი მოზარდებს, რომლებიც არ იქნებიან ზომბირებულები. ყველა თამაშში დევს იდეა - ჯანსაღი გართობა. 
- მოგვიყევით ჯადოსნური კარტის შექმნის ისტორია. ჯოკერის ნაცვლად სახელწოდება  მატრიცა...
- გარკვეული პერიოდის შემდეგ გაჩნდა იდეა, შექმნილიყო ახალი ტიპის კარტი, გაცილებით უფრო მარტივი და კარგად აღსაქმელი. ფერები იქნებოდა: წითელი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი და ყველასათვის ცნობილი ნახატების ჩასანაცვლებლად ჭადრაკის ფიგურები გამოვიყენეთ. ჯოკერის მაგივრად, ჯადოსნური კარტი - მეჯიქ ქარდი. შევქმენით უკვე ჩვენი კარტი, რომლითაც ახალი თამაში გავაკეთეთ. თამაშს დაერქვა მატრიცა, წესები ჯოკერის დარჩა, თამაში კი ხდება ახალი კარტით. ძალიან კარგი გამოვიდა, ამაში დაკარგული პორტალის მომხმარებლებიც გვეთანხმებიან და ნელ-ნელა დაგვიბრუნდნენ.
- რა იდეა დევს Jok.FM-ში?
- ჩვენს მომხმარებლებს შეუძლიათ უსმინოს მუსიკას. დაიმახსოვრონ სიმღერები, რომელიც მოეწონათ. პორტალზე მოცემულ ყველა თამაშში მუსიკის მოსმენის პროგრამაა ჩადებული. ერთ-ერთი მთავარი მიზანი მოთამაშეების ერთმანეთთან დაკავშირებაა, შემდეგ კი მათი დამეგობრება. მუსიკა არის ერთ-ერთი საშუალება, რითაც ვცდილობთ ინტერესი გამოვიწვიოთ და გავართოთ მოთამაშე. მოცემულია ასზე მეტი ჟანრი, საიდანაც სტილს მომხმარებელი ირჩევს. პროცესი ასეთია: შედიხარ თამაშში, ელოდები მოთამაშეს. ირჩევ მუსიკას და უსმენ. შემოდის მოწინააღმდეგე, ხედავ ის რას უსმენს. დამეგობრებამდე შესაძლებელია ემოციების გაზიარება. თუ მეგობრობას გაუგზავნი და ისიც დაგთანხმდება, იწყება მიმოწერა. ასეთია ყველა თამაშის პროცესი.
- სახელმწიფო თუ დაინტერესებულა არის თქვენნაირი ადამიანებით?
- შარშან გავაკეთეთ საკონფერენციო ღონისძიება. გვინდოდა გაეგოთ, რომ ვარსებობთ. ის, რომ საქართველოში ბევრი პროდუქტი იქმნება, ის, რომ ჩვენც შეგვიძლია მსოფლიო სტანდარტებით გავაკეთოთ საკმაოდ მაღალი ხარისხის აპლიკაციები. გადავწყვიტეთ, შევერთებოდით მსოფლიოს “Game Jam“-ს და შევძელით კიდეც, ახლა უკვე ქართული გეიმჯემიც არსებობს. პირველად იგი შარშან ჩავატარეთ. წლის დასაწყისში არ ვიცოდით როგორი იქნებოდა. რამდენიმე ორგანიზაცია გავერთიანდით, შევქმენით IGDA (International Game Development Association) -ის ქართული წარმომადგენლობა, ასევე შემოგვიერთდა კომპიუტერული გრაფიკის ასოციაცია საქართველოში - CG Georgia და ამ ასოციაციების სახელით ჩავატარეთ ღონისძიებები.
სახელმწიფოს მხრიდანაც იყო ხელშეწყობა, “GITA“ გვეხმარებოდა ამაში, ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებული სააგენტო, რომელიც ამ მიმართულებებით მუშაობს. ჩვენი ენთუზიაზმით და მათი ფინანსური დახმარებით შევეცადეთ, რომ გამოგვეცოცხლებინა და ჩვენთანაც ჩატარებულიყო პირველი “გეიმჯემი”.
- მოკლედ რომ აგვიხსნათ, რა არის „გეიმჯემი“ და რამდენად გაამართლა საქართველოში ჩატარებამ?
- “გეიმჯემი” არის შემდეგი ტიპის ღონისძიება: პროგრამისტები იკრიბებიან გარკვეულ ტერიტორიაზე და ცდილობენ შექმნან თამაშები წინასწარ შერჩეული იდეის გარშემო. ორგანიზატორები კი მათ უზრუნველყოფენ როგორც სამუშაო სივრცით, ასევე საკვებით 48 საათის განმავლობაში. თავიდან, როდესაც იდეების გამოცხადება იყო, ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. ჩვენ ველოდით ათამდე გუნდს, თუმცა მოვიდა 28 გუნდი, რომლებმაც პროტოტიპები შექმნეს. რადგან  პირველმა ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა და კარგი გამოხმაურება მოჰყვა, უკვე დავიწყეთ ფიქრი მეორე “გეიმჯემის” ჩატარებაზე. თუმცა,  უფრო განსხვავებულზე, ამიტომ გადავწყვიტეთ დამატებით გაგვეკეთებინა კოსტუმირებული შოუ „Cosplay“. გვინდოდა სახალისო ყოფილიყო. ადამიანებს უნდა წარმოეჩინათ სხვადსხვა კინოს თუ თამაშის პერსონაჟები. განესახიერებინათ ისინი, როგორც ვიზუალური მსგავსებით, ასევე საქციელით. დავაწესეთ პრიზი "PlayStation 4". სპონსორები უკვე  GITA-სთან ერთად Microsoft და Geocell გახდნენ. ძალიან შთამბეჭდავი შოუ გამოვიდა, რომელსაც სხვადსხვა ასაკის ადამიანები სიამოვნებით ესწრებოდნენ. დადგა დრო მესამე „გეიმჯემზე“ გვეფიქრა, კიდევ უფრო განსხვავებულსა და საინტერესოზე. ღონისძიების ჩასატარებლად თავისუფალი უნივერსიტეტი ავირჩიეთ და დავამატეთ ცოცხალი თამაშები, ანუ იქვე შეგეძლო გეთამაშა, როგორც მაგიდის თამაშები,  ასევე კომპიუტერული. „გეიმჯემის“ ჩატარება ემსახურებოდა რამდენიმე მიზანს: ყველას ენახა, რომ 48 საათში შესაძლებელია საქართველოშიც შეიქმნას  თამაშის პროტოტიპები, რომლებიც სხვადასახვა ქვეყნებში ჩატარებულ „გეიმჯემებს“ არაფრით ჩამოუვარდება. დავინახეთ, რომ ბევრნი ვყოფილვართ! მანამდე არ გვქონდა წარმოდგენა თუ რამდენი ადამიანი იყო ჩართული ამ მიმართულებაში. მხოლოდ დაახლოებითი ვარაუდი იყო, თუმცა რეალურად გაცილებით მეტი აღმოჩნდა. გვინდოდა მსოფლიო „გეიმინგ რუკაზე“ საქართველოც გამოჩენილიყო და მივაღწიეთ ამ მიზანს. თუმცა, საჭიროა მუდმივად სიახლეების კეთება და ჩვენი პოტენციალის უფრო მეტად წარმოჩენა. საქართველოს საკმაოდ დიდი რესურსი გააჩნია, რათა მსოფლიო „გეიმინგში“ჩაერთოს. გარდა ამისა იყო სტიმულიც, „გეიმჯემზე“ გამარჯვებულები ეკონომიკის სამინისტროს დახმარებით ჰოლანდიაში წავიდნენ ღონისძიებაზე - "Casual Connect". ეს არის ღონისძიება, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩადიან Game Developer-ები და ერთმანეთს თავიანთ შექმნილ თამაშებს უზიარებენ. საქართველოდან 3 გუნდი იყო წარმოდგენილი, მათთან ერთად გახლდით მეც. საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღეთ.
- როგორია თქვენი მომავლის გეგმები?
- მომავალში მთელი ჩემი გეგმების უმეტესობა დაკავშირებულია ჩემს მიერ შექმნილ პორტალთან. წინსვლას სწორედ მასთან ერთად ვხედავ. პირტალი და თამაშები მუდმივად ვითარდება, იმ მომენტისთვის არსებული მოთხოვნების შესაბამისად. დღეს არის ახალი გამოწვევები და ეს არის სხვადასხვა მოწყობილობები, რასაც სულ უფრო და უფრო ხშირად ვიყენებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ესენია: ტელეფონი, პლანშეტი, ტელევიზორი, მაცივარი და ა.შ. ჩვენც ამ მიმართულებით ვხედავთ არსებული თამაშების განვითარებას, ახალი თამაშების დამატებას ნაკლებად ვგეგმავთ, მთავარი მიზანია არსებული თამაშები გახდეს მაქსიმალურად პოპულარული და რაც შეიძლება მეტ პლატფორმაზე და მოწყობილობაში ხელმისაწვდომი. სწორედ ამ ახალი კუთხით საკმაოდ გვიადვილებს საქმეს ახალი კარტი, რომელიც გათვლილია Touch მოწყობილობებზე. ვფიქრობ, კარტის გამოშვებასაც, Jok Cards, რომელიც იგივე პრინციპით იქნება შექმნილი, რაც პორტალზეა წარმოდგენილი. კარტი საცალო გაყიდვაში არ გაიყიდება და ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ პორტალის მოხმარებლისთვის. ყველა მათგანი გათვლილია ინდივიდუალური კონკრეტული მოთამაშისათვის.
- და ბოლოს, რაშია  თქვენი წარმატების  საიდუმლო, როგორია წარმატების თქვენეული რეცეპტი?!..
- ვთვლი, რომ რასაც მე ვაკეთებ, ყველას შეუძლია. ნიჭი ნაკლებად. მთავარი შრომაა და  მწველი სურვილი, ისწავლო ბევრი და იყო მუდმივად ახლის ძიებაში. თუ გარკვეული სასწავლებელი არ არსებობს, თვითგანათლება უნდა შეძლო. ჩვენს  სფეროში ინტერნეტში ძალიან დიდი მასალაა ხელმისაწვდომი, თანაც მუდმივად განახლებადი, რაც ერთ-ერთი ძირითადი ბერკეტია  დასახული მიზნის მისაღწევად.  

ირმა მირზაშვილი, ახალი ამბების სააგენტო „ვექტორი“