пятница, 30 октября 2015 г.




აპრილი იდგა. ხარობდა ნინო მამიდას სული. პატარები უნდა ამოსულიყვნენ. ფიქრობდა რა სიურპრიზი დაეხვედრებინა, მისგან ხომ მუდამ სასიამოვნო სურპრიზებს იყვნენ მიჩვეულები. ფიქრობდა და ჯერ ვერაფერი მოეფიქრებინა. არადა წვიმიანი დღეები ყველაფერს ასევდიანებდა. ადგა და სამოთხის ანგელოზთან გაიქცა დასახმარებლად. თხოვნა ბოლომდე მოფიქრებულიც არ არ ჰქონდა, რომ უცებ კულულა თმები გვირისხელა ფიფქებით გაევსო.

თოვლი! მართალია! ისე გავიდა ზამთარი თბილისში თოვლი არ მოსულა! მარწყვივით ტუჩებზე ღიმილი დაეფინა და სამოთხის ანგელოზს მადლობის ნიშნად ფრთები დაუკოცნა. მერე ლოდინისგან გული რომ არ გახეთქვოდა ცოტახნით სასიამოვნო ფიქრებში შეძვრა. მოულოდნელი სიხარულისგან დაღლილს მალე მიეძინა. სიზმარში ხედავდა გზაჯვარედინზე როგორ აირჩია კოჯრის გზა პატარებით დახუნძლულმა ავტომ. ყოჩაღად მოდიოდა და ნელნელა უკან იტოვებდა ტრასაზე დაფენილ აბეზარ ნისლს. მალე მეორე მანქანაც გამოჩნდა. გული აუფანცქალდა. აღარ იცოდა როგორ მოქცეულიყო. რა ჯანდაბამ ჩამაძინა ასეთ დროსო – საკუთარ თავზე ჯავრი მოსდიოდა. ფიქრი სასწაფოდ მოიშორა, წამოხტა და ჰოი საოცრებავ, რას ხედავს?! ირგვლივ სადღა დარჩენენილიყო ნაძვების სიმწვანე. ყველაფერი თეთრად გადაპენტილიყო. თეთრი საფარი ქამელეონივით დროდადრო ფერს იცვლიდა და ჯადოსნური სილამაზით ატყვევებდა. ღმერთო ჩემო! აღმოხდა სიხარულით. ნაძვის ძირებს შეავლო თვალი. თოვლის სიმაღლე ნელ–ნელა კიდევ უფრო მაღლა იწევდა. დაბნეულობისგან ცაში აფარფატებული ნაძვის ტოტებს გაცდა. იგრძნო სამყარო მასთან ერთად როგორ ტრიალებდა და მოსალოდნელი სიხარულით თავბრუდახვევული იქვე ნაძვის წვერს ჩამოეკიდა. 
         თბილისში აპრილი იდგა, ფრინველები თბილი ქვეყნებიდან დაბრუნებას ჯერ არ ჩქარობდნენ. გაუთვებელი წვიმები ადამიანებსაც თავს აბეზრებდა.
           აღმართს დაღმართმა ჩამოართვა გზა. წელიწადის ამ დროისთვის შეუსაბამო თვალწარმტაცი გარემო დიდებს კითხვაზე პასუხს უგვიანებდა. როლები გაიცვალა. ზღაპრული სილამაზის დანახვაზე დღეს პირველად ყოველგვარი კითხვების გარეშე ,პატარებმა მაშინვე ჟრიამული ატეხეს.
მათ სიხარულს აედევნა მამიდის სულიც. . ჯერ იქვე მდგარ პატარა სასაცილო გოგოს ქერა კულულებში შეუძვრა, რომელსაც დიდხანს თავს დაჰფარფატებდა და პირჯვარს სახავდა. მერე ბიჭებთან ერთად უზარმაზარი გუნდები ააგორა. თამაშში გართულებს დროდადრო სათითაოდ ხელს წაკრავდა, თოვლზე წააკოტრიალებდა და სახეს უკოცნიდა.
სულ მალე გირჩის თვალება ბუმბერაზი თოვლის პაპა პატარებთან ერთად ჯადოსნური დღის მოსაგონარ ულამაზეს შეჩერებულ წამად გადაიქა. ფოტოზე მამიდის უჩინარი სულიც არის გამოსახული, თუმცა თვალისთვის უხილავი, მაგრამ გულისთვის საგრძნობი. 
ბოლოს სამოთხის ანგელოზი გამოჩნდა კართან. დათოვლილ ნაძვის ტოტზე ჩამომჯდარიყო და თვალთან მომდგარ კურცხალს ებრძოდა. ციდან ჩამოსულ ნათლისვეტს გაემიჯნა იქაურობა. 
            საღამოვდებოდა. ზღაპარი დასასრულს უახლოვდებოდა და თოვლმა ნელნელა დაიწყო დნობა. ბავშვები სულმთლად გაწუწულიყვნენ, თუმცა მხიარულება არ ეთმობოდათ. ავიშვიშდნენ მშობლები. მანქანაში გაციების შიშით პატარებს სასწრაფოდ უცვლიდნენ სველ ტანისამოსს. 
ანგელოზს ჩახუტებულმა ნინო მამიდამ კი იცოდა, რომ ამაო იყო ყოველგვარი შიში, რომ მის პატარებს დღევანდელი გაციება ვერას დააკლებდა.