пятница, 6 февраля 2015 г.

სულიკო ნინიძე: რომ ვქარგავ, თითქოს სამყაროში მარტო ვარ



ის ლეგენდარული მოცეკვავეების თინა გომართელის და ვახტანგ ნინიძის ოჯახში დაიბადა.  გამორჩეული, ლაღი ბავშვობა ჰქონდა. დიდი ბებია ზრდიდა, ქარგვა და ხელსაქმეც მან შეასწავლა. ჯერ კიდევ ძალიან პატარა ბებიის გვერდით  იჯდა და პაწაწინა ხელებით  დიდი მონდომებით აგვირისტებდა.   მაშინ არ იცოდა , რომ შემდეგ  ცხოვრებაში გადატანილი ტკივილის დასაძლევად სწორედ  ნემსი და ძაფი დაეხმარებოდა.  მისი ნამუშვრები საკუთარი  სულიერი სამყაროს გამოხატულებაა. როცა ვქარგავ, როგორ ავხსნა,  მიწიერი არა ვარ, სხვა განზომილებაში ვვარდები,ამბობს სულიკო ნინიძე.

 მოგვიყევით თქვენზე
დავიბადე  მოცეკვავეების ოჯახში,  თბილისში. დედა და მამა საქართველოს დამსახურებული მოცეკვავეები იყვნენ. ისინი ჯანო ბაგრატიონის
 ცნობილი ანსამბლის სოლისტები გახლდნენ.  დავამთავრე უცხო ენათა ინსტიტუტი  ფრანგულის სპეციალობით.

თქვენ არ  არ ცეკვავდით?
არა.

საინტერესო ბავშვობა გექნებოდათ. საინტერესო სტუმრები ხშირად გყავდათ?
მარჯანიშვილის და რუსთაველის  თეატრის ყველა მსახიობი და ყველა მოცეკვავე ჩვენს სახლში იკრიბებოდა.
იყო  საუბრები თეატრზე, პოეზიაზე. ჩემს ოჯახში სულიერების ზეიმი იყო ყოველ შეკრებაზე. არასოდეს ისმოდა ცუდი, არავის გაჭორვა.
მე რაც პრემიერა იყო თბილისში თეატრში, მუდამ ვესწრებოდი ყველა კონცერტს. მაშინ ხშირად იყო სამთავრობო კონცერტები ყველაფერი მოსაწვევბით იყო. არც ერთი კონცერტი და სპექტაკლი არ გამომიტოვებია, იმიტომ არის ახლაც დავფრინავ. მიყვარს ხელოვნება მის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია.

ყველაზე დიდი  შთაბეჭდილება  რამ მოახდინა თქვენზე?
 
არ დამავიწყდება ოტელოს პრემიერა ვახტანგ ჭაბუკიანის მონაწილეობით. რა ხდებოდა დარბაზში,  სცენაზე სპექტაკლის დასრულების შემდგომ. ახლაც ცხადად მახსოვს, ეს სასწაული იყო!

დედაც ცეკვავდა, მამაც როგორი იყო მათი ურთიერთობა. ერთ ოჯახში ორი წამყვანი სოლისტი.დედას და მამას ურთიერთობაზე მოგვიყევით.
სულ ერთად დადიოდნენ, დედა და მამა ცალ-ცალკე მე არ მახსოვს,  ერთმანეთზე ძალიან შეყვარებულები.მამა  კარგად მღეროდა.  ჯანსულო იყო ასეთი ცეკვა, თუ გახსოვთ, ადრე ხშირად იყო ტელევიზიით.
მამა იქ მღერის და ცეკვავს.


როგორი სტუდენტი იყავით?
ორი შვილი მყავდა როცა მოვეწყვე. როგორი ვიქნებოდი საშუალო (იცინის)

თქვენი რჩეული ფრიდონ სულაბერიძე გახლდათ,  იყო დიდი სიყვარული?
ძალიან. მე და ფრიდონს ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. ძალიან  ადრე შევქმენით ოჯახი 17 წლის ვიყავი მე, ის 21 წლის და მალე ორი შვილი შეგვეძინა. მისი არცერთი კონცერტი არ გამომიტოვებია. კონცერტი კი არა, რეპეტიციაზეც მივყავდი. კი იყო დიდი სიყვარული, მაგრამ  იყო დიდი ტკივილიც.
სხვათაშორის დედა და მამაც უნივერსიტეტში ცეკვის წრეში ერთად ცეკვავდნენ და  ისინიც ადრე  შეუღლდნენ. 20 წლის იყვნენ მე რომ გავჩნდი. 38 წლის, ბებია და ბაბუა რომ გახდნენ. (იღიმება)

 ბებია და ბაბუას დიდი  როლი ჰქონდათ თქვენს აღზრდაში.
დიახ ბებია და ბაბუა მამის მხრიდან, არაჩვეულებრივად კარგი ადამიანები იყვნენ,  რომლებსაც მართლა უდიდესი როლი ჰქონდათ ჩვენს აღზრდაში.
დედას მამა 37-ში დაუხვრიტეს. დედაც მალე  გარდაეცვალა და ბებიამ გაზარდა.  ჩემს აღზარდაში სწორედ დიდ ბებიას დიდი წვლილი მიუძღვის. მისი ნიჭი გამომყვა კერვის და ქარგვის. სულ გვერდზე ვეჯექი, ნემსს რომ აიღებდა,  მეც მომაწვდიდა ხოლმე ნემს და ნაჭერს.ლამის დაბადებიდან ვკერავ (იცინის). ძალიან მიყვარდა, ძალიან განათლებული ქალი იყო. მისი სიტყვები ახლაც ჩამესმის. ცოტა რომ მოვიზარდე, პატარა საკერავი მანქანა მიყიდა და მასთან ერთად მეც ვკერავდი.

 როგორია  ხელოვანის  სამუშაო გარემო?
გარემო მშვიდი, სახლი დაწკრიალებული. რომ ვქარგავ, თითქოს სამყაროში მარტო ვარ.

დიდმა ტკივილმა  თქვენს შემოქმედებით ნიჭს გზა გაუხსნა.
ჩემი ტკივილი ჩემი შვილის უდროოდ წასვლა იყო. ასე გამოვიდა. მერე  მოვქარგე ყველა ნაქარგი. მერე აღმოვაჩინე ჩემი თავი, უფრო მყარად დავდექი,  მერე უფრო გავძლიერდი  შინაგანად.  დიდ ძალას ვგრძნობ.  ახლაც დავიწყე ახალი ჯვრის ქარგვა, პატრიარქის  კურთხევა მაქვს  სია მოითხოვა ვინ ქარგავდა და ჩემი გვარიც მისცეს. კურთხევა  ყველას ერთად მოგვცა.
პირველად სიონში მივედი, მითხრეს იქ წრეა და ქარგვას ასწავლიანო, მინდოდა კონსულტაცია რამე რომ არ დამეღვია. დამხვდა ძალიან სათნო მასწავლებელი, ელენე. რჩევები მომცა, მერე მითხრა მე აღარ გჭირდები, შენც გაართმევ თავსო. მან ჩამწერა სწორედ იმ სიაში.

პირველი ნაქარგი.
ჩემი პირველი ნაქარგი ფოკაშია,  ეს არის წმინდა გიორგი.1995 წლიდან იქ არის. გაზაფხულზე ვიყავი ექსკურსიით ფოკაში, ძალიან მინდოდა ჩემი ნაქარგის ნახვა, მაგრამ მითხრეს პატრიარქს თავის რეზინდეციაში აქვს ნაჩუქარი ხატებიო  და ვერ ვნახე. ეს ჩემი სურვილიც იყო და  ჩემმა შვილმა მოინდომა ჩემი ნაქარგი საჩუქრად გადაგვეცა ფოკას მონასტრისთვის. დედაო, რომელიც ჩემი შვილის მეგობარია, თვითონ ჩამოვიდა  ნაქარგის წასაღებად  ფოკადან.  მე წარწერა არ მქონდა და მთხოვა მიაქარგე ქართულად შენი სახელი და გვარიო, რა იცი ეს ხატი ბევრი წლების შემდეგ სად მოხვდება და გაიგონ რომ ქართველის ნაქარგიაო.


როგორია ქარგვის პროცესი?
როცა ვქარგავ, როგორ ავხსნა,  მიწიერი არა ვარ, სხვა განზომილებაში ვვარდები,   არაფერი არ მესმის, იქ ვარ სადღაც,
იმ წმინდანთან, მასზე ვფიქრობ მარტო, მასზე,  წმინდანის ცხოვრებაზე, მარტო მასზე ვფიქრობ. დასრულებულ ნაქარგს რომ ვუყურებ, არ მჯერა, რომ ეს მოვქარგე.

რაიმე განსაკუთრებული წესების დაცვა არის  საჭირო, რელიგიურ თემაზე  როცა მუშაობთ?
აუცილებლად. კანონიკეს ვერ დარღვევ. ყოველი ქარგვის დაწყების წინ ტროპარი უნდა წაიკითხო.  ვთქვათ ქარგვის პროცესში ავდექი და 5 წუთის მერე გავაგრძელე, ხელახლა ვკითხულობ. რაც ხატზეა გამოსახული, ვერ შეცვლი. ვთქვათ, გიორგის შავ ცხენზე ვერ მოქარგავ, რომ გინდოდეს. ცხენი თეთრი უნდა იყოს.

როგორ მოდის მუზა?
ახალი წლების მერე მინდა მოვქარგო 4 ქალი, ცალცალკე წლის 4 დროში. ეს მუზა მაგალითად  გუშინ მომივიდა. სანამ არ მოვქარგავ, არ მომასვენებს. როცა უკვე გადავწყვეტ რა უნდა მოვქარგო, იმ წამიდან არ მასვენებს, ვიდრე არ მოვქარგავ. ენით აუწერელი განცდაა. როცა ნამუშევარს ამთავრებ, იმ წამიდან გიყვარს. ხატების გარდა  სხვა ნაქარგებიც მაქვს.

როგორც ვიცი უკვე  დიდი ბებია ხართროგორია დიდი ბებიობა?
ჩვეულებრივი ბებია ვარ. ბებია ყველა კარგია, 4 შვილიშვილი და 2 შვილთაშვილი მყავს. რძლები ძალიან მიყვარს. ორი წლის სესილი მყავს, რომელიც მიდის მამასთან ტელეფონით და თხოვს დამირეკოს. მერე  ყურმილში მეუბნება მიყვარხარ და მოდი სულიკოო (იღიმის). უყვარს ჩემი გაკეთებული ხაჭაპური, ჩემთან რომ მოდის პირდაპირ სამზარეულოში  გარბის.

თქვენს ხელოვნებას თუ  ასწავლით  შვილიშვილებს,  ისე როგორც ამას თქვენი დიდი ბებია გასწავლიდათ.
სამი ვაჟია, გოგოს აქვს ნიჭი, მაგრამ მე ასე ვფიქრობ ისიც მოინდომებს. ბებიას მე არ ვასვენებდი, ისე მინდოდა.

90–იან  წლებში  თბილისში ცნობილი ატელიე  გქონდათ.
ფიროსმანის ქუჩაზე  იყო სამკერვალო ატელიე, სადაც 110 თამშრომელი იყო.  ადრე გაერთიანება ნიშნავდა დირექტორებს, მაგრამ კოლექტივმა მოითხოვა და მე ამირჩიეს. მანამდე ატელიეს მხატვარ-მოდელიორი ვიყავი.  ჩემი დირექტორობის დროს  ეწყობოდა  ჩვენებები პირიმზეში და ჩვენი ატელიე ყოველთვის წარმატებით გამოდიოდა.მთელი ქალაქის ელიტა ჩვენთან  დადიოდა. როცა მეცალა, სულ სამკერვალოში ვატარებდი დროს, მიყვარდა მკერავებთან ერთად ფუსფუსი. ძალიან ცნობილი ადამიანები იმოსებოდნენ ჩვენთან. ბევრი პრეტენზიული ქალბატონის გემოვნებას  ვაკმაყოფილებდით. ერთი უნივერსიტეტის პროფესორს ამერიკაში კონფერეციაზე  ჩვენი შეკერილი კოსტუმი ეცვა, რამაც იქაურების ყურადღება მიიქცია, უკითხავთ რომელი ფირმისააო. ერთხელ ვინმე თუ მოვიდოდა აღარ მიდიოდა.

კითხვა, რომელიც ხშირად გაწვალებთ? 
რატომ მეტი არ გავაკეთე? (სინანულით)

ცხოვრების მანძილზე დაგროვილი სიმდიდრედ რას თვლით?
ჩემი შვილი და შვილიშვილები და შვილთაშვილები, ესენია ჩემი სიმდიდრე, ჩემი სიამაყე.  ვიცი ისინიც ამაყობენ  ჩემით,  თუ ხმამაღალი ნათქვამი არ გამომივიდა. (იღიმის) რძლებს ძალიან ვუყვარვარ.

ბევრი პოეტის შთაგონების წყარო გახდით, როგორ მოხდა ეს?
პოეზია ძალიან მიყვარს, საერთოდ ხელოვნება, ამაზე ზემოთაც გითხარით. თითქმის ყველა პოეზიის საღამოს ვესწრები, რაც კი თბილისში ტარდება. ბევრი მეგობარი პოეტი მყავს, მაგრამ მათი შთაგონების წყარო რატომ ვარ, ეს ალბათ მათ უნდა კითხოთ. მთავარი ის არის, რომ  მე ამ  სტრიქონებმა  კიდევ უფრო დიდი ძალა მომცა, თითქოს უფრო მყარად დავდექი. ყველა ლექსი დიდი სითბოთი და სიყვარულით არის გაჯერებული. დიდი მადლობა მათ ასეთი თბილი  მოძღვნებისთვის, რომლითაც მეტად გამაძლიერეს!
მომავლის გეგმები.

ახლო მომავლისთვის, მინდა,  ჩემი ნამუშვრების გამოფენა და პოეზიის საღამო მოვაწყო.   უკვე 82  მოძღვნილი ლექსი დამიგროვდა.  ბევრმა კარგმა პოეტმა დამიწერა ლექსი და გამართულ საღამოზე  საკუთარ ლექსებს ავტორები თვითონ წაიკითხავენ.






Комментариев нет:

Отправить комментарий