აზრის მოქანდაკე. გრძნობის სტრიქონებად გადაქცევის ოსტატი, დიდი სიყვარულით გაჯერებული მისი პოეზია მზესავით მანათობელი, მაცოცხლებელი სხივია, რომელიც დადებითი ემოციით გმუხტავს, იმედით გავსებს და ზიარებასავით სულის საკურნებელია. “მინდა ვუთხრა ადამიანებს, რომ ისინი ძალიან მიყვარს… ვეტრფი სილამაზეს, ნიჭიერებას, ჩვენს ბრძენ პატრიარქს, ქვეყანას, რომელსაც საქართველო, უძველესი კულტურული აკვანი ჰქვია”, -ნიჭიერი პოეტი ეკატერინე დონდუა.
-ოჯახი, ბავშვობა, ფასეულობებირომლებიც მშობლებისგან გადმოგეცათ.ოჯახი ის ადგილია, სადაც ადამიანი სამყაროს შემეცნებასა და აღქმას იწყებს. გენეტიკური კოდი განსაზღვრავს უპირატესად ადამიანის ცხოვრებაში ბევრ რამეს, თუმცა გარემო და აღზრდა მნიშვნელოვნად აყალიბებს მოზარდს. ბედნიერი ვარ, რომ გამიმართლა. დავიბადე, როგორც იტყოდნენ ხოლმე, ქართველი ინტელიგენტების ოჯახში: დედა – პედაგოგი, მამა – ინჟინერ-ეკონომისტი იყო, მუდამ წამყვან თანამდებობებზე მუშაობდა, თუმცა, თავმდაბლობა ოჯახიდან ვისწავლე. დღეს, როდესაც უბანში გავდივარ, თუთაშხიას გოგო მოდისო, ასე მესალმებიან. მამას უბანში დათა თუთაშხია დაარქვეს, გარეგნობისა და სიკეთის, სიქველის გამო. მამა ბევრი წლის წინ გარდაიცვალა და ამდენი ხნის შემდეგ რომ ასე მოგმართავენ, ეს უდიდესი ბედნიერებაა, დამეთანხმებით.
სიკეთის-ამ მადლის თანაზიარი გამხადეს მშობლებმა პატარაობიდანვე, თავმდაბლობისა და მოყვასის სიყვარულით გვზრდიდნენ მე და ჩემს ძმას. ძალიან მოუსვენარი, ცელქი, მხიარული, ენა და გონებამახვილი. 7-8 წლის ასაკიდან კი სხვაგვარი ფიქრიანობა დამჩემდა…
პატარა ბავშვს რომ არ უნდა აწუხებდეს, ისეთი საკითხები მაფიქრებდა და მაფორიაქებდა. ცოტა კიდევ მოგვიანებით, ლიტერატურული გმირების ცხოვრება ახდენდა ჩემზე ძალზე დიდ ემოციურ ზეგავლენას. ბავშვობა არ ეთქმის, თუმცა 18-19 წლის ასაკში წავიკითხე ჰერმან ჰესეს „ტრამალის მგელი“. მახსოვს, როგორ შემძრა, როგორ აღმაფრთოვანა. სხვა იყო, განსხვავებული სიღრმისა და ფიქრიანი. ახლაც ვგიჟდები ამ წიგნზე.
-როდის დაიწყეთ წერა?საკმაოდ ადრე. პირველი ლექსი ავტომანქანაში წავუკითხე ჩემებს, დეიდამ, ალბათ, ეს ლექსი გადაიწერეო, – მითხრა (ე.ი. კარგი ყოფილა, არა?). დეტალებში მახსოვს, დიღმის მასივში, ბელიაშვილის გამზირზე ვმოძრაობდით…
-რას წერს ეკა დონდუას კალამი?-ყველაფერს, რაც ცოცხალ არსებას აცოცხლებს ან კლავს… რაც დედამიწას ამოძრავებს და სიცოცხლეს მომხიბვლელობას სძენს. განსხვავებული განწყობის ლექსები მაქვს, თემატიკითა და ხელწერით ერთმანეთს არ ჰგვანან, როგორც ამბობენ და აფასებენ და ვფიქრობ, ეს ძალიან კარგია. თუ ძალიან ამპარტავნულად არ გამომივა (ეს ჩემი თვისება არ არის, ვინც მიცნობს, დამეთანხმება…), ვიტყვი, (იმიტომ რომ ჩემს შინაგან განწყობას, მდგომარეობას, ლიტერატურულ მიმართულებას კარგად ასახავს, გამოხატავს), ნოდარ დუმბაძის უსაყვარლესი ნაწარმოების პატარა ინტერპრეტირებითა და ჩემეული ვარინტით – დუმბაძისეული „მე ვხედავ მზეს“, 
1450953_911045892262925_5352956994631519981_nრომელიც უკვდავი და გაუხუნარი გზაა მიზნისკენ, სიყვარულისკენ, სიკეთისკენ… მე კი ვამბობ ხოლმე – მე ვხედავ მზისკენ სავალ გზას – ეს არის ის, რაც ადამიანებთან ურთიერთობაში, კეთილგანწყობაში, ხალას, ხშირად მიამიტურ, ბავშვურ დამოკიდებულებაში ვლინდება. ყველა ადამიანი მზის მხარეს უნდა იდგეს… მე ამას ვცდილობ პოეზიითაც, ცხოვრებაშიც… მეტი პოზიტივი უნდა ვატაროთ და სხვაც დავმუხტოთ ამგვარი „სიხარულის ფლუიდებით“…
ჩემს ერთ სტუდენტობისდროინდელ ლექსში მაქვს: „მოუქნელია ადამიანთა ყოველდღიური ნაბიჯი ხშირად, არ იციან, რომ ჭიამაიას ნათითურებიც ძალიან სტკივა…“
ადამიანები ერთმანეთის სიცოცხლეს – ღვთის ამ საჩუქარს უნდა გავუფრთხილდეთ და ვარონინოთ… „რასაცა გასცემ შენია…“ – რუსთველისეული სიბრძნე პირდაპირ ეხება სიყვარულსა და დადებით ემოციებს – გასცემ? იღებ კიდეც უშურველად…
-რა არის უნარითვისებარასაც ყველაზე მეტად აფასებთ ადამიანებში? იუმორი, თვითირონია, ხალასი ბუნება… ასეთი ადამიანები, ტრადიციულად, კეთილებიც არიან ხოლმე… ძალზე სასიამოვნოა მათთან ურთიერთობა. სიყვარულის უნარი და ერთგულება – ეს არის ის, რაც მხიბლავს ადამიანებში. ლიტერატურულ საიტებზე რა შეგიძლიათ გვითხრათროგორ ფიქრობთრა დადებითი და უარყოფითითვისება აქვს ვირტუალურ ლიტერატურასზოგადად სოციალურ ქსელს?
მე მაინც მგონია, რომ დოჩანაშვილისეული „მისალოცები“ ის ადამიანები არიან, რომელთაც ლიტერატურის კითხვის სიამოვნება სწორედ რომ დაბეჭდილ წიგნებთან ურთიერთობით ელოდებათ. საგამომცემლო საქმიანობა ერთი დიდი ხელოვნებაა, ნაბეჭდ ქაღალდს თითქოს ლიტერატურული სურნელი ასდის, გმირების ცხოვრების კითხვისას, ერთი ფურცლიდან მეორეზე გადასვლისას, ხედავ, ოთახიდან ოთახში როგორ გადაადგილდებიან, მათთან ერთად ფეხაკრებით დადიხარ შენც, და როგორც გენიალური დოჩანაშვილი იტყოდა, შენ, მკითხველი, არასოდეს ხარ ზედმეტი….
10933895_911046068929574_2810500313693192577_n
თანამედროვე ტექნოლოგიებთან არ ვარ მწყრალად. ვირტუალური ლიტერატურა მარტივად მისაწვდომია, ამდენად, თითქოს ყველას ეძლევა შესაძლებლობა, გაეცნოს ახალს, ან მონახოს მონატრებული ნაწარმოები, ჩაუჯდეს… თუმცა, რა ვქნა, ჩემთვის, მაინც, „ჩაუჯდე“ – ეს სიტყვა ნაბეჭდ წიგნთან ასოცირდება… გულწრფელად უნდა ვთქვა, ცოტა სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი სოციალური ქსელების მიმართ, თუმცა სწორედ ამ სოციალურმა ქსელებმა შემძინეს ძვირფასი ადამიანები… თურმე, რამდენი კარგი, თბილი, ყურადღებიანი, არჩვეულებრივი, ქველმოქმედი ადამიანი არსებობს ჩვენ გარშემო… ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე ჩვენ ვერ ვხვდებოდით ერთმანეთს, ან უბრალოდ, სხვადასხვა ქვეყანაში ვცხოვრობდით და ამიტომ. პოეზიამ კი გააკეთა ის, რომ ასეთი ადამიანები დამაკავშირა და ძალიან ბედნიერი ვარ!
ის რაც პოეტებს აერთიანებსშინაგანი სამყაროს გარკვეული მსგავსება…. მეტაფიზიკური სამყაროს აღმა-შეგრძნება-წვდომის დაუოკებელი სურვილი… ამიტომაა ხოლმე ხშირად ამა თუ იმ მოვლენას, შეგრძნებებს, სულის ფაქიზ მოძრაობებს ესა თუ ის ავტორი მსგავსი მეტაფორული თუ სხვა მხატვრული ხერხით რომ გამოხატავს ხოლმე და ირკვევა, რომ ეს ავტორები, ნამდვილად არ იცნობენ ერთმანეთის შემოქმედებას. როგორია საკუთარ თავთან მარტოდ დარჩენილი პოეტი? – მეოცნებე – მარტოც და ხალხშიც… ჩემი სამყარო ცისფერ ზეცას ირგებს არშიად… ხანდახან კი ქარჩხაძის „იგის“ მსგავსია: „როცა მარტო იყო იგი, მაშინ არ გრძნობდა მარტოობას; სხვებთან როცა იყო, მაშინ გრძნობდა”….“ თუმცა იგივე „იგის“ არ იყოს: „როცა იგი მარტოა, ნი ჩნდება იგის სხეულში და იგი აღარაა მარტო“ … ეს არის უმნიშვნელოვანესი ადამიანების ცხოვრებაში – უფალი და სულის თანაზიარი ადამიანის არსებობა გვერდით!
რამდენი კრებულის ავტორი ხართკიდევ ხომ არ ამზადებთ ახალ პოეტურ კრებულს? ორი კრებული მაქვს გამოცემული ადრეულ ასაკში: „ეს გახედნილი ურჩი ფიქრები“ და „ტრფობის ისრებით დაჭრილი ღამე“. მაშინ პოპულარობით ნომერ პირველ გაზეთ „შანსში“ კრებულის შესახებ ანოტაციაც დაიბეჭდა, რაც ბუნებრივია, სტუდენტი გოგონასთვის ძალიან დიდი სიხარული იქნებოდა… ახლა არის მონახაზი, მესამე, სრულტანიანი წიგნის გამოსაცემად. უფლის თანადგომითა და შეწევნით, ალბათ, ესეც ახდება!
მკითხველი კეთილი სული, ადამიანები, (ასაკის შეუზღუდავად)… ჩემი უსაყვარლესი, დასაფასებელი, მნიშვნელოვანი ხალხი…. ვცდილობ, მეც ვიყო კარგი მკითხველი.. დღეს, ერთგვარად პოეზიის „ბუმია“ და კარგი მკითხველი ძალზე დასაფასებელია. დასაფასებელია ყველა ის პროფესიონალი ადამიანი – ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსები, ვისგანaც პროფესიულ, საქმიან, კონსტრუქციულ რჩევას მიიღებ…
- ყველაზე მაღალი შეფასება ვისგან მიგიღიათ?დედისგან!!! შეუფასებელი და ყველასგან აღმატებული!!!
პოეტის ბედი საქართველოში
ჯერ დაგვმარხონ, მერე ზეცად აღგვადიდონ, ასე არის არსაკიძის ქვეყანაში…“ – წერდა მიხეილ ქვლივიძე ქართველ გენიალურ შემოქმედთა ბედსა და ხვედრზე საუბრისას. გახსოვთ, ალბათ, ეს ლექსი და ასე ყოფილა მართლაც სამწუხაროდ! თუმცა თაობები რომ ქედს უხრიან და პატივს მიაგებენ ჩვენს ქართველ გენიოსებს, ის გოლგოთა ღირდა ამად!
დღევანდელ სიტუაციას რომ ვუყურებ, ხალხის ძალიან დიდი სიყვარული აქვთ მუზებთან დამეგობრებულ ადამიანებს, მატერიალური მხარე არც განიხილება ასეთ დროს, ალბათ.
ლიტერატურული კონკურსებიჩემთვის „ხვარამზეობა“ და „ლექსების გამოფენაა“ გამორჩეული. პირველი, მე-18 საუკუნის დიდი პოეტი ქალბატონის, ვაჟა-ფშაველას დედის ახლო მეგობრის სულის საოხად დაწესებული ქალთა ლიტერატურული კონკურსია, რომელიც ფშავში, მისსავე მშობლიურ სოფელ არტანში იმართება;
10387460_911046225596225_5731205406156953869_n მეორე კი ჩემს უსაყვარლეს შავიზღვისპირეთში, ბათუმში „დაბადებულ-დაფრთიანებულ-გამოზრდილი“, დიდი სტაჟის მქონე კონკურსია. გამოჩეულს იმიტომ ვამბობ, რომ გარდა იმ წარმატებისა, რომელიც ამ კონკურსებზე მოვიპოვე, ეს არის გულღია, გულწრფელი, ლამაზი, ღიმილიანი ურთიერთობების ასპარეზი არამარტო ლექსებში. მონაწილეები ერთმანეთს თითქოს კარგი განწყობის შექმნასა და დადებითი ემოციების ჩუქებაში ეჯიბრებიან. ჩემთვის ასეთი გარემო, ატმოსფერო არამარტო კონკურსებზე, ზოგადად, ცხოვრებაშია აუცილებელი, სასიცოცხლო მნიშვნელობის… ამიტომ დიდ მადლობას ვუხდი ხოლმე ყოველთვის ორივე კონკურსის შემქნელებსა და დამაარსებლებს: ქალბატონ მარიამ ხუცურაულს და ბატონ ზაზა ფირცხალაიშვილს. ეს მათ შეძლეს, ეს მათ გამოუვიდათ!
ქალი – ეკას ცხოვრებაშიპოეზიაშიორივეგან ერთნაირია – სათუთი, დახვეწილი, სათნო… სიცოცხლის დვრიტა და სამყაროს მამოძრავებელი… ოჯახთან, შვილებთან ერთად ქალს შეუძლია შეცვალოს სამყარო! ეს ჩემი პირადი აზრია და, მგონი, არ უნდა ვცდებოდე. მიყვარს ეს ლექსი და თუ შესაძლებლობაა, თქვენც გაგიზიარებთ:
ქალი…
ქალის გულს ძნელად ამოხსნის ვინმე, ქალი ყოველთვის რაღაცას ელის, ხან ცრემლს შეუშრობს დილის მზით გვიმრებს, ხან გარბის, როგორც დამფრთხალი შველი…
ხან ედარება ჰორიზონტს ცაზე, ხან იმალება თავის სხეულში, ხან სულ არ იცის, რისთვის და რაზე, ცრემლობს, და ამ დროს ხელს ნუ შეუშლი…
ქალი ჭიუხის ფურ-ირემს მოჰგავს, მყვირალობისას გადმომდგარს ხევზე, ნუ დაიჯერებ, მაშინაც როცა, შენ აწყენინე, არ ფიქრობს შენზე…
დედოფალია თავის ბუნებით, (გინდ ათი შვილის ის იყოს დედა), და თუ ჟინივით მოეგუნება, შენც გამეფდები, უეცრად, ბედად…
ქალი მღელვარე ოკეანეა, ხან უწყნარესი ლივლივი ტბათა, შენი ცხოვრების ციცინათელა, მანათობელი ბნელეთის გზათა…
ქალი ლერწმის ხის სალამურია, მიუალერსე, შთაბერე სული, მასთან ცხოვრება საამურია, ჯერ არგანცდილი სიამე, სრული…
ქალი?! რა გითხრა, ქალი ლექსია, შთაგონებაა თვითონ მუზათა, ქალი სიცოცხლის ხე და ფესვია, მწყვეტი უღირს და მჭიდრო უზანგთა…
სულ ხლახანს სიყვარულით შექმენით ოჯახი
მე ახლახანს შევქმენი ოჯახი. ეს, ალბათ, ყველაზე დიდი პოეზიაა, ყველაზე დიდი შემოქმედება, ყოველდღიურობა, ლექსის რანგში აყვანილი… ბედნიერი ვარ, რომ ჩემი სიყვარული ქორწინებით დაგვირგვინდა. დედას და მამას, ჩემს ახლო სანათესაოს, ყველას დიდი სიყვარულით აქვთ ოჯახი შექმნილი და სხვაგვარად ვერაფრით შემვძლებდი მეც. უფალს მადლობა, რომ ჩემი მეუღლე ჩემი სულის ნაწილია, ის ადამიანია, ვისთან ერთადაც მწვერვალზეც ავალ და ოკეანის ფსკერზეც ჩავეშვები, სიამოვნებით.
პედაგოგად მუშაობთროგორია დღეს მასწავლებელის და მოსწავლის ურთიერთობა.მნიშვნელოვანი როლი ეკისრება პედაგოგს. თუ ის უზომოდაა შეყვარებული თავის საქმეზე, ბავშვებზე, ყველაფერი ისეთი წესრიგით ლაგდება, როგორც მხოლოდ „ბუნებამ იცის და ბუნება ხომ იცი, რა ოსტატია“…
მე ასი ათასი მოწამის სახელობის სკოლა „ფესვებში“ ვმუშაობ, სადაც შვიდგზის ლოცვები იკითხება და სკოლის მოძღვარი დიდი დიღმის ტაძრის წინამძღვარი, მამა ლუკა სუპატაშვილია. ამას იმიტომ აღვნიშნავ, რომ ძალზე მნიშვნელოვანია ბავშვი ეზიაროს იმ დიდ სამყაროს, ფასეულობებს, რაზეც დგას ქრისტიანობა, ჩვენი მართმადიდებლობა. სახარებისეული სიბრძნე: „მოექეცი სხვას ისე, როგორც გინდა რომ მოგეცნენ“, სამოქმედო პროგრამასავით უნდა იყოს ადამიანის ცხოვრებაში…10915272_911046222262892_2475187692864690967_n
გაკვეთილი შემოქმედებითი და ყველანარი დოგმისგან თავისუფალი უნდა იყოს, უნდა მიეცეს ყველა მოსწავლეს (მოსწრების ან განათლების მიუხედავად) თავისი აზრის გამოთქმის, პოზიციის დაფიქსირება, ამა თუ იმ საკითხზე თავისუფლად მსჯელობის შესაძლებლობა… არ უნდა დაძაბო, ეს რა სისულელე გითქვამს ან ამას მარტო შენ იტყოდი – მსგავსი ცინიკური ფრაზებით…
პედაგოგობა და მოწაფეობა – ეს უდიდესი მეგობრობაა, პირველ რიგში, და მე უაღრესად ბედნიერი ვარ, ჩემი სადამრიგებლო კლასის ბავშვების პირადი ცხოვრების ეპიზოდები რომ ვიცი. თუ ბავშვი შენში გულწრფელობას არ ხედავს, არასდროს გაგეხსნება, არასდროს გენდობა, არასდროს დაგაფასებს. ჩვენ ვცხოვრობთ ერთმანეთის ცხოვრებით – მე და ჩემი პატარა მეგობრები, ნიჭიერები და ხანდახან ძალზე აუტანლებიც, ალბათ… მაგრამ კეთილები, ხალასები, აქტიურები, მოტივირებული, მოაზროვნენი და ეს ყველაზე მთავარია…
ახალაზრდის განათლებაზე, ჩამოყალიბებაზე ყველა ის პირია პასუხისმგებელი, სოციუმში ვინც კი ხვდება მოზარდს – ოჯახი, საზოგადოება, სკოლა, ბიბლიოთეკა, სასწავლებელი, უმაღლესი და ა.შ.
პედაგოგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, დღეს მოზარდებში გააღვივოს წიგნისა და ზოგადად, კითხვის სიყვარული, გაუხსნას მას ის დიდი სამყარო, რასაც ლიტერატურული სამყარო ჰქვია და შესაძლებლობა გეძლევა ათეულობით სხვადასხვა ხასიათის, გარეგნობის, ქვეყნის მოქალაქის, აღმსარებლობის, სოციალური სტატუსის მქონე ადამიანების ცხოვრებით იცხოვრო, მათი ბედის თანაზიარი, თანამგრძნობი გახდე, მაგრამ არამც და არამც გამკიცხავი, მიწაში ჩამწვენი. უნდა გიყვარდეს ყველა გმირი, რადგან ავტორს ისინი დიდი სიყვარულით ჰყავს შექმნილი. ჩვენ ყველას ჩვენი ანა კარენინა, ჯენი გერჰარდტი, ესმერალდა, ნატაშა როსტოვა და ა.შ. გვყავს, ჩვენი ოტელო, ივდითი თუ ურიელი… ისინი ყველა შენია და შენ ყველა ის ხარ, როცა კითხულობ, როცა უახლოვდები, როცა ემეგობრები… ვიდრე, დოჩანაშვილისა არ იყოს: „კინოს – ლიტერატურის დაფინანსებულ კონკურენტს“ არ გაეცნობი…
რას შეუძლია მოგცეს ასეთი შეგრძნება?
არაფერს, ლიტერატურის გარდა… ამიტომ, მოდით, ვიყოთ ყველანი კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა, ჩვენ გარშემო იყოს ბევრი კლიმი და დაე, ვიდრე ჩამოალაბორანტებენ ლიტერატურის არმოყვარულ ადამიანებს, გამოამწყვდიონ ისინი „კარცერ-ლუქსში“… (გ.დოჩანაშვილი „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“)
გულისტკივილი.გულისტკივილი – დედა, ჩემი ცხოვრების პატრიარქი, ჩემ გვერდით არ არის…..

-ის რაც პედაგოგი დედისგან გადმოგეცათრაც ხშირად გეხმარებათ მოწაფეებთან ურთიერთობისას
გულწრფელობა, სამართლიანობა, მეგობრული დამოკიდებულება მოზარდებთან, იუმორი, თვითირონია, რომელი ერთი ვთქვა და შენი თავის მთლიანად გაცემა, საინტერესო შემოქმედებითი გაკვეთილის შექმნისთვის…
-ის რაც კიდევ გინდოდათ გეთქვათ.მინდა ვუთხრა ადამიანებს, რომ ისინი ძალიან მიყვარს… ვეტრფი სილამაზეს, ნიჭიერებას, ჩვენს ბრძენ პატრიარქს, ქვეყანას, რომელსაც საქართველო, უძველესი კულტურული აკვანი ჰქვია…
იცით, გუშინ ჩემთვის უცნობ ქალბატონს, მადონა მჟავანაძეს, ჩემს ერთ-ერთ ძველ ინტერვიუზე ასეთი კომენტარი გაუკეთებია: “ეკატერინეს პასუხები ჰიმნია საქართველოზე”…
„თვითმფრინავიდან რომ გადმოიხედავ, კავკასიონის თეთრ ფაფარს დაინახავ და ყელში ბურთი გაგეჩხირება“ (ნ.დუმბაძე), ესაა მართლაც საქართველო და როგორ შეიძლება არ გიყვარდეს!
ირმა მირზაშვილი
10917824_911046072262907_6608868149735761640_n
10923539_911046228929558_2229995087479422658_n