„არასოდეს, არასოდეს, არასოდეს, ჩემი 34 წლიანი კარიერის და 27 წლის მთელს მსოფლიოში სწავლების მანძილზე,  არ მსმენია უფრო მშვენიერი, დიდებული და ძლიერი ხმა როგორც ლაშასი არის.
ეს ღმერთისგან ბოძებული ნიჭია, რომელიც მილიონიდან ერთის ხვედრია. ვფიქრობ, რომ მე მიმღერია მსოფლიოს საუკეთესო ტენორებთან –კორელი, დელ– მონაკო,  დისტოფანო და სხვანი . მე ვასწავლიდი დომინგოს,  მაგრამ როდესაც ადამიანი უსმენს ლაშას, მისი სმენა, სული და არსება ცოცხლდება. ლაშა იქნება  შემდეგი არაჩვეულებრივი ტენორი  საოპერო სამყაროში  და თეატრის მაყურებლები  ხმამაღლა შესძახებენ  ბრავოს ოპერის  მომავალ მეფეს“.
როგორ დაიწყო თქვენი მუსიკალური კარიერა?10388566_936378593062988_8787974381577191743_n
ბავშვობიდან მუსიკალურ სივრცეში ვიზრდებოდი.   ქუთაისში დავიბადე.  შეიძლება ითქვას, მუსიკოსების ოჯახში. მამას, ომარ  ნიქაბაძეს  არაჩვეულებრივი, საოცარი დიაპაზონის  ხმა ჰქონდა და კარგადაც მღეროდა, თუმცა მუსიკას არ გაყოლია. ის ისტორიკოს–ფილოლოგი იყო. დედა – მანონი ჭურაძე მუსიკალური შვიდწლედის დირექტორი გახლდათ. რვა  ნათლია მყავს, რვავე მუსიკალური განათლებით. ჩემს ცხოვრებაში ნათლიებმა დიდი როლი შეასრულეს.  ჯერ კიდევ  პატარა, ქუთაისის მოსწავლეთა სასახლეში,  ანსამბლ ” აისის” წევრი  რომ გავხდი, ჩემი ერთ–ერთი ნათლიის  ქალბატონ ზეინაბ ბურჯანაძის დამსახურება იყო (თავადაც არაჩვეულებრივი ხმის პატრონი  და კარგი მომღერალი დღეს  ქუთაისის ფოლკლორის სახლს ხელმძღვანელობს). პირველად,  როდესაც ჩემი  შესაძლებლოებები ნახა, მითხრა: მოვასმენინოთ „აისის“ ხელმძღვანელს შენი ხმა, კარგი მონაცემი გაქვს და ვფიქრობ უარს არ გეტყვისო. იქ მისულებს თავად  ბატონმა  დავით ჯანელიძემ მომისმინა და მაშინვე ჩამრიცხა თავის ანსამბლში, სადაც  რვა წელი ვმღეროდი.  ბავშვობის  საუკეთესო წლები ამ ანსამბლში გავატარე.  ბევრ  სხვადსხვა ფესტივალზე გამოვდიოდით.  მათ შორის იყო პოლონეთში „ზელენა გურას“ ფესტივალი, ასევე   მოსკოვში, გადაცემაში “შირი კრუგ.” ხშირად გვიწვევდნენ.247074_936380196396161_4710552126377558246_n
საოპერო სიმღერა ყოველთვის მომწონდა. ზურიკო ანჯაფარიძე ჩემი კუმირი იყო. ჩაიკოვსკის „პიკის ქალმა“, ასევე ლეონ კავალოს  „ჯამბაზებმა“  ჯერ კიდევ პატარა ბიჭს  საოცარი შთაბეჭდილება დამიტოვა.   სკოლის დამთავრების შემდეგ,  დედას უნდოდა ექიმი გამოვსულიყავი. ქალბატონმა იამზე ფხაკაძემ (ის დედაჩემის მეგობარი გახლდათ), რომელიც კონსერვატორიის პიანისტი, კონცერტმეისტერი იყო,  მითხრა: კარგად  იმეცადინე, კონსერვატორიაში ჩააბარე,  იცოდე, დიდი შესაძლებლობები გაქვსო. ის დამეხმარა და  მიმიყვანა ბატონ გიორგი ლომთაძესთან, რომელიც დღემდე  ჩემი პედაგოგია. მასთან ორი თვე მოვემზადე და კონსერვატორიის სტუდენტი გავხდი. . სიმართლე გითხრათ, ახალგაზრდობის გამო ცოტა სიზარმაცე მძლევდა და ორი წელი დიდს არაფერს ვაკეთებდი იქ მნიშვნელოვანს.  ყველაფერი  დაიწყო მაშინ,  როდესაც პაატა ბურჭულაძე  გასტროლზე ჩამოვიდა  ქუთაისში და  მას  ჩემმა ბიძამ, მოასმენინა ჩემი ნამღერი. ამ ბიჭს ბრწყინვალე ტენორი აქვს და შეუძლია მსოფლიოს სცენები დაიპყროს! – უთხრა მან ბიძაჩემს. ამხელა მუსიკოსის შეფასებამ ძლიერ  იმოქმედა ჩემზე. ძალიან დავინტერესდი.  მერე დარიგებაც მომცა, მითხრა: კარგი ბიჭი ხარ, გართობას ნუ აყვები, საქმეს მიხედე და ორ- სამ წელიწადში ისეთი წინსვლა გექნება, თვითონვე  გაოცდებიო. დიდი სტიმული მომეცა.  ბევრს ვმეცადინეობდი, თავი არ დამიზოგავს და მართლაც ასე მოხდა. სწორედ  აქედან დაიწყო ჩემი წინსვლა.
პირველი კონკურსი1623553_936379016396279_8921754659084044152_n
პირველად გავიმარჯვე მუსიკოს-შემსრულებელთა პირველ რესპუბლიკურ კონკურსზე საქართველოში 1995 წელს. ამას მოჰყვა მეორე გამარჯვება 1996 წელს დავით ანდღულაძის ტენორთა პირველ საერთაშორისო კონკურსზე, რომელიც ქალაქ ბათუმში ჩატარდა. შემდეგ გავემგზავრე ნორვეგიაში, ქალაქ ოსლოში დედოფალ სონიას სახელობის კონსკურსზე, სადაც მხოლოდ პირველ ტურში ვიმღერე. მეორე და მესამე ტურზე კი ვერ გავედი, რადგან ავად გავხდი. იქიდან რომ დავბრუნდი, მიუხედავად  კონკურსზე გამოუცხადებლობისა, პირველ ტურზე ისე კარგად ვაჩვენე თავი, დიპლომატის ტიტული მომანიჭეს, პრინციპში გავიმარჯვე.
გზა ქუთაისიდან  ლა სკალამდე
წინა კონკურსის ჟიურის წევრი გახლდათ ძალიან კარგი ქალბატონი, სოპრანო,  ლეილა გენჯერი, რომელმაც რამდენიმე კვირის შემდეგ თავის სახელობის კონკურსზე დამპატიჟა ქალაქ სტამბოლში. მოგეხსენებათ, 90-იან წლებში როგორი გაჭირვება იყო. ოჯახს არ ჰქონდა საშუალება, თვითმფრინავის ბილეთი შემეძინა. რამდენ ბიზნესმენსაც  მივმართე დასახმარებლად, ყველამ უარით გამომისტუმრა. მეუბნებოდნენ: ასეთი კარგი ბიჭი თუ ხარ, რომ პაატა ბურჭულაძემ დიდი მომავალი გიწინასწარმეტყველა,  თვითონ პაატა  რატომ არ გეხმარებაო.
მოკლედ,  თურქეთში ავტობუსით გამგზავრება  მაინც მოვახერხე. დღენახევარი ვიმგზავრე. მგზავრობას მიუჩვეველი ვიყავი.  ამდენსაათიანი  სკამზე ჯდომა ცოტა გამიჭირდა, მაგრამ კონკურსზე გამოვცხადდი  და სწორედ იმ კონკურსიდან დაიწყო ჩემი  წარმატებული წინსვლა.1908431_936379013062946_7562128909656989869_n
ლეილა გენჯერის კონკურსის გამარჯვებული გავხდი. მიუკერძოებელი ჟიური მსოფლიო წამყვანი თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებისგან შედგებოდა.  კონკურსის შემდეგ ყველა თავის თეატრში მეპატიჟებოდა. არჩევანის გაკეთება მიჭირდა. ინგლისის როიალ ოპერა კოვენტგარდენში  ქალბატონი ჰელგა შმიდტი პირდაპირ სპექტაკლებში მონაწილეობას მთავაზობდა. ხოლო  ლუკა ტარჯეტი ახლადგახსნილ  ლა სკალას აკადემიაში სწავლას. ჩემი არჩევანი ქალბატონ ჰელგა შმიდტის შემოთავაზებისკენ გადაიხარა, რადგან მან უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ამას ემატებოდა ისიც,  რომ აქ თვენახევარი უნდა მემღერა. რადგან  ლა სკალაში ორწლიანი სწავლა მოგვიანებითაც შეიძლებოდა, ინგლისში  წავედი. ეს სწორი არჩევანი აღმოჩნდა.
ვიმღერე  ჯაკომო პუჩინის „ტოსკაში“ კავარადოსის პარტია. იმ პერიოდში კოვენტგარდენის თეატრში სარემონტო სამუშაოები ტარდებოდა და მუშაობა რომ არ შეჩერებულიყო, კოვენტგარდენის სპექტაკლები სხვადასხვა ქალაქების თეატრებში ტარდებოდა.  მანჩესტერში (ბრიჯვოტერჰოლში)  3500 კაციან დარბაზში ჩასატარებელ  ერთ–ერთი ასეთ სპექტაკლს  უდიდესი იაპონელი დირიჟორი, კენტ ნაგანო ხელმძღვანელობდა. ჩემი სიმღერის მერე, როდესაც გაიგო, რომ ქართველი ვიყავი, შემომხედა და ძალიან თბილად აღნიშნა, რომ  მისი  პირველი აღმზრდელი პედაგოგიც ქართველი პიანისტი იყო. ეს გარკვეულწილად მისეული შეფასება იყო ქართული ნიჭის,  ამან  ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
ამის მერე ლა სკალადან ისევ მივიღე მოწვევა. გზის ხარჯები თვითონ უზრუნველყვეს. და იქ  როდესაც ჩავედი,  აკადემიაში გამოცდის გარეშე ამიყვანეს.
ქართველთაგან პირველი,  ლა სკალას აკადემიის და პაატა ბურჭულაძის სტიპენდიანტი იყავით.11012915_936378906396290_6825088035502943324_n
დიხ, ასე იყო.  აკადემია ახალი გახსნილი გახლდათ. ჩემთვის ორმაგად საამაყოა ის ფაქტი, რომ  ქართველთაგან პირველი, ვინც ამ აკადემიაში სწავლობდა და  ლა სკალას აკადემიის  სტიპენდიანტი იყო, მე გახლდით. ამასთან ერთად, ვიყავი  პაატა ბურჭულაძის სახელობის პირველი სტიპენდიანტიც.  სწავლას ვაგრძელებდი  და პარარელურად, ლა სკალას თეატრის სცენაზე ვმღეროდი.
1998 წელს პირველი კონცერტი რიკარდო მუტის დირიჟორობით გავმართე. იგი არის  უდიდესი დირიჟორი, ძალიან ვაფასებ მის პროფესიონალიზმს, მის სადირიჟორო მოღვაწეობას  და არა მხოლოდ მე, მთელი საოპერო მუსიკის მოყვარულები. 2000 წელს  ლა სკალაში ვიმღერე პრემიერა ჯაკომო პუჩინის ოპერა ” ბოჰემა”.  რუდოლფის პარტიას ვასრულებდი.  შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთ–ერთი ყველაზე რთული როლი. ოთხი აქტი გახლავთ და სცენაზე შესვლიდან სპექტაკლის ბოლომდე თითქმის შეუსვენებლად მღერი. ეს როლი დიაპაზონის მხრივაც და სათამაშოდაც ძალიან რთული იყო, თუმცა გავართვი თავი და კიდევ ერთი დიდი წარმატება მივიღე… შემდეგ იყო გლუკის “არმიდე” ასევე ურთულესი ოპერა. ბოკის “ვოცეკი” და სხვა…
ენრიკო კარუზოს პრემია გაქვთ მიღებული.
ჩემი იქ ყოფნის დროს ჩატარდა ენრიკო კარუზოს სახელობის საერთაშორისო კონკურსი, სადაც ავიღე მისივე სახელობის პრემია. აღსანიშნავია ის, რომ მანამდე ცხრა წლის განმავლობაში ენრიკო კარუზოს სახელობის პრემია გაცემული არ ყოფილა.
კონკურსებს რაც შეეხება, შემდეგ იყო პლასიდო დომინგოს სახელობის კონკურსი სახელწოდებით “ოპერალიე” , 2001 წელს ქალაქ ვაშინგტონში, სადაც ასევე დიდი წარმატება მხვდა წილად. ავიღე ორი პრემია: პირველი, ეს იყო პლასიდო დომინგოს პრემია, როგორც საუკეთესო ტენორმა. მეორე, როგორც ესპანურ ოპერეტა “სასუელას” საუკეთესო შემსრულებელმა.
საინტერესო ამბავი მინდა გავიხსენო პლასიდო დომინგოსთან დაკავშირებით, რომელიც არასდროს დამავიწყდება. მოხდა ისე, რომ  უცებ ავად გავხდი. თვითონ მაესტრო პლასიდო მაწვდიდა წამლებს. ექიმიც გამომიგზავნა. დიდი სიკეთე მახსოვს და ყოველთვის მადლიერი ვიქნები მისი.ის ამ მხრივაც დიდი ადამიანია.
ამერიკის შეერთებულ შტატების ტურნე.11015104_936378929729621_550217218753786765_n
ეს იყო  ძალიან დიდი ტურნე, სადაც ოცდაჩვიდმეტ დღეში მქონდა 30 გამოსვლა. იყო ვერდის „რექვიემი“, აგრეთვე იყო შერეული კონცერტი, სადაც ვმღეროდი არიებს, დუეტებს და  ანსამბლებს. ეს იყო ძალიან დიდი დატვირთვა, რომელსაც წარმატებით გავართვი თავი.
ქართველი და უცხოელი მსმენელი.
ქართველი მაყურებელი არაფერს გპატიობს, მაგრამ მე ის ძალიან მიყვარს, რადგან  ასევე დიდ სიყვარულს ვგრძნობ მათგანაც. უცხოელ  მსმენელებს რაც შეხება,  გააჩნია ქვეყანას: ძალიან კარგი მსმენელი ყავს კორეას, იაპონიას, ჩინეთს. ძალიან პროფესიონალურად აფასებენ საოპერო ხელოვნებას. ეს გამოიწვია იმან, რომ ეს პროფესია  ამ ქვეყნებში ძალიან მაღალანაზღაურებადია. შესაბამისად, ბევრი მომღერალი მიდის იქ. მინდა ვთქვა, რომ ამის გამო იტალიაში მოიკლო შემსრულებლობის დონემ და გადაინაცვლა სხვა ქვეყნებში.  მაგალითად, ამერიკის შერთებულ შტატებში კარგი, ძლიერი  პედაგოგები ჰყავთ, შესაბამისად, მათ თეატრებში ყველა კარგად მღერის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს გამოიწვია კარგმა ანაზღაურებამ. პედაგოგების უმრავლესობა  იტალიიდანაა. ხმები ყველგან არის, მაგრამ  მთავარია იტალიური სკოლა და მიმართულება, შესაბამისად, საოპერო ხელოვნება ამ ქვეყნებში  ძალიან გაძლიერდა.
საუკეთესო პედაგოგები.

პედაგოგები უცხოეთში ბევრი მყოლია. საუკეთესოებზე ცოტა ქვემოთ მოგახსენებთ, მანამდე  ყველასაგან მინდა გამოვყო ჩემი აღმზრდელი პედაგოგი გიორგი ლომთაძე, რომელმაც ჩამომაყალიბა ასეთად. მასთან დღესაც ვმუშაობ. ასევე არ მინდა დამავიწყდეს  კონცერტმეისტერი, რომელიც მუშაობს ჩვენს კლასთან. ეს გახლავთ ირინა კუხიანიძე. ამ ადამიანების დახმარებით დიდი ნაბიჯები მაქვს გადადგმული წინსვლისკენ, რამაც ბევრი აღიარება, გამარჯვება მომიტანა.
ქუთაისის ისტორიაში  პირველი ადამიანი  ხართ , რომელმაც ლა სკალაში იმღერა.11042675_936378979729616_1380109406788760402_n
დიახ, სწორედ ამის თქმა მინდოდა, რომ  ეს გარკვეულწილად მათი დამსახურებაა. ეს ადამიანები დღესაც აქტიურად მოღვაწეობენ და ვისურვებდი მათი აღზრდილებიდან ბევრმა შეძლოს, ის რაც მე მათი დახმარებით შევძელი.
საუკეთესო პარტნიორი.
 ბედნიერი ვარ, რომ წილად მხვდა მეოცე საუკუნის მსოფლიოს ლეგენდარულ ლირიულ სოპრანოსთან –მირელა ფრენისთან ერთად მუშაობა. მასთან ერთად ერთად 11 სპექტაკლში მომიწია სიმღერა. სპექტაკლს  ქართულად “ორლიანელი ქალწული” ერქვა.  გაოცებული გახლდით. ასეთი პარტნიორი სცენაზე ნადვილად არ მყოლია.
გქონდათ  შემოქმედებითი  პაუზა.  ბევრმა  დღესაც არ იცის,  რამ  შეაფერხა გარკვეულწილად თქვენი კარიერა.
 ეს იყო ავადმყოფობა, რომელიც  დავძლიე. ეს პაუზაც სწორედ ამან გამოიწვია. ახლა თავს კარგად ვგრძნობ. მუშაობის დაწყება უკვე შემიძლია.
 ერთი  ნაწყვეტი   მინდა გაიხსენოთ , რომელიც თქვენს  შემოქმედებას ამშვენებს. .. „არასოდეს, არასოდეს, არასოდეს, ჩემი 34 წლიანი კარიერის და 27 წლის მთელს მსოფლიოში სწავლების მანძილზე,  არ მსმენია უფრო მშვენიერი, დიდებული ძლიერი ხმა როგორც ლაშასი არის.
ეს ღმერთისგან ბოძებული ნიჭია, რომელიც მილიონიდან ერთის ხვედრია. ვფიქრობ, რომ მე მიმღერია მსოფლიოს საუკეთესო ტენორებთან –კორელი, დელ– მონაკო,  დისტოფანო და სხვანი . მე ვასწავლიდი დომინგოს  მაგრამ როდესაც ადამიანი უსმენს ლაშას , მისი სმენა , სული და არსება ცოცხლდება . ლაშა იქნება  შემდეგი არაჩვეულებრივი ტენორი  საოპერო სამყაროში  და თეატრის მაყურებლები  ხმამაღლა შესძახებენ  ბრავოს ოპერის  მომავალ მეფეს“– ვინ იყო ეს ადამიანი, რომელმაც ასეთი შეფასება მოგცათ.
ეს იყო მსოფლიოში ცნობილი ბარიტონი ფრანკო იგლესიასი. პირველად  როდესაც  გამიჩნდა ჯანმრთელობის  პრობლემა, რამაც გარკვეული პერიოდი  შეაფერხა ჩემი აქტიური მოღვაწეობა,  შევხვდი ამერიკაში პლასიდო დომინგოს. ავუხსენი ჩემი მდგომარეობა. მან გამიშვა მის აღმზრდელ პედაგოგთან ფრანკო იგლასიასთან,  რომელმაც ასეთი შეფასება მომცა.
უდიდესი მომღელის პლასიდო დომინგოს პედაგოგი–ფრანკო იგლასიასი დღეს უკვე ჩემს  უცხოელ საუკეთესო პედაგოგთა შორისაც  გახლავთ ორ მილანელ ქალბატონთან ერთად. ესენი არიან ლინა ვასტა (საოცარი სოპრანო რომელიც 95 წლის გახლავთ და  დღესაც აქტიურად მღერის სცენაზე) და ფრანკა ოსტინი. ადამიანები, რომელთა ვოკალური მიმართულებაც ძალიან მომწონს, ისინი ძველი სკოლის მიმართულების არიან საოპერო ხელოვნებაში.
რას ნიშნავს ძველი და ახალი  საოპერო ხელოვნება
ვთვლი, რომ დღეს ბევრი დაღუპა თანამედროვე ვოკალურმა განვითარებამ. ამ მიმართულებით წასულნი ხუთწლიან მომღერლებად რჩებიან, მაშინ როცა ადრე ორმოცი წელი მღეროდა ადამიანი და კიდევ ზენიტში ყოფნა შეეძლო. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორი სკოლა გაიარე, როგორი მიმართულება გაქვს. მე ვთვლი, რომ გამიმართლა ასეთ პედაგოგებს რომ შევხვდი.

კრიტიკის მიმართ დამოკიდებულება.
ჯანსაღი კრიტიკა ნამდვილად მისაღებია. ყალბ კრიტიკას მართალი გითხრათ, დიდ ყურადღებას არ ვაქცევ. ვაკეთებ ჩემს საქმეს. ჩემზე კარგად არავინ იცის, როდის გამოვდივარ კარგად და როდის ცუდად.
თქვენ თუ გაგიკრიტიკებიათ ვინმე?
კი როგორ არა, გამიკრიტიკებია. თუმცა ვერიდები. ვიცი რომ ეს ძალიან ფაქიზი თემაა. მე თვითონ ვარ მაქსიმალისტი და ვხვდები, რომ მეც დიდად არ მსიამოვნებს რამე ისე ნათქვამი. ამიტომ ძალიან ვფრთხილობ, თუმცა თუ რამეს ვამბობ, ვამბობ რეალურად.
 შეფასება, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ.
1998 წელს ლა სკალას თეატრში ერთ-ერთ ოთახში ვრეპეტიციობდით (ვერდის ოპერა “ბედის  ძალას” ვაკეთებდით),აკადემიიდან რამდენიმე ვიყავით მიწვეულები. მახსოვს, მაესტრო რიკარდო მუტი, ეს ბუმბერაზი შემსრულებელი, ჩემი სიმღერის დროს თან ნოტებში იხედებოდა, როდესაც  უცებ ასეთი რამ თქვა:
სამოცდაათიანი წლების შემდეგ მარიო დელ მონაკო, ფრანკო კორელი და ჯუზეპე დისტოფანის შემდეგ ასეთი ხმა საერთოდ არ მსმენიაო.  ჯუზეპე ფილიანოკი ერთ–ერთი საოაცარი ტენორი მსოფლიოში, სელენა ფარნოკია ასევე  ერთ–ერთი ლეგენდარული სოპრანო გახლავთ და კიდევ ბევრი, ამ ადამიანების თანხლებით ასეთი შეფასება დიდი წარმატება გახლდათ ჩემთვის. მას მერე ეს სიტყვები ჩემს მეხსიერებაში ოქროს ასოებით არის ჩაწერილი.
ევროპა, აზია კორეა ჩინეთი . ამერიკის შეერთებული შტატები. ბევრ  ქვეყანაში იყავითრომელ ქვეყანასგამოარჩევდით,  სადაც   იცხოვრებდით?
ალბათ იტალიას.  ძალიან დიდი მსგავსება დავინახე ჩვენსა და მათ შორის.   როგორც შალიაპინმა თქვა ქართველებზე – ყოველი მეორე ქართველი  დიდი მომღერალია, ასეა იტალიაშიც – იქაც  ყოველი მეორე ადამიანი საოპერო მომღერალია. ფიზიკურად, ტემპერამენტითაც საოცრად ვგავართ მათ.
ინტერესდებოდნენ  თქვენით თუ საიდან იყავით?
სხვათაშორის  სიმღერით ამას ვერ ხვდებოდნენ, რადგან მე ლა სკალაში დიდი სკოლა მაქვს გავლილი, ინტერპრეტაციაზე მაქვს საუბარი. თორემ ვოკალურად აქედან  უკვე მზად ვიყავი. ყველას იტალიელი ვეგონე. მერე  თუ სახელს და  გვარს  გაიგონებდნენ,  რა თქმა უნდა ინტერესდებოდნენ ჩემი წარმოშობით.
 საქართველოში  სულ დაბრუნდით?

ჩემი აქ ჩამოსვლა ჩემმა პრობლემამ გამოიწვია. ოპერაციებმა ჩემს კარიერულ წინსვლას ხელი შეუშალა. უკვე დიდი დრო გავიდა, შემიძლია მეცადინეობის დაწყება, რომ   ჩავდგე სათანადო ფორმაში და ისევ გავემგზავრო დიდი სცენებისკენ.  სამომავლოდ სამშობლოში ვაპირებ დაბრუნებას, მაგრამ ახლანდელი ჩემი ჩამოსვლა მხოლოდ ამას უკავშირდება.
სცენაზე გასვლის წინ რაიმე განსაკუთრებუი რიტუალი ხომ არ გაქვთ?
 სცენაზე გასვლის წინ  და  მაშინაც როდესაც ორ თვეში ორი ურთულესი ოპერაცია  გავიკეთე,   საოპერაციო მაგიდაზე ასვლის წინ  პირჯვარს ვიწერდი მხოლოდ. ამაზე დიდი რწმენა ჩემთვის არ არსებობს.
რას ურჩევდით დამწყებ საოპერო მომღერლებს?
მოთმინებას ვურჩევ, ნუ გაიქცევიან ჯერ უცხოეთში. აქ ვოკალურად კარგად მოემზადონ და მერე უკვე იქ რეჟისორთან, პედაგოგებთან გაუადვილდებათ მუშაობა. ჯერ აქ ვისწავლე როგორ უნდა გამოთქვა სიტყვა, ფრაზა. იქ  კი შევიძინე იტალიური სტილიზაცია, იტალიური სიმღერის სწორი მიმართულება, ინტერპრეტაცია აუცილებელია ნებისმიერი მომღერლისთვის.
თავად თუ ეწეოდით პედაგოგიურ მოღვაწეობას?
აქედან რომ ჩავედი, ერთი ტენორი მოვიდა მომისმინა და ძალიან მოვეწონე. მამეცადინეო მთხოვა. ფიზიკურად არ მეცალა პედაგოგიური მოღვაწეობისთვის. ისე  რა თქმა უნდა ძველი იტალიური სკოლა, რომელზეც მე გავიზარდე  შემიძლია სხვებსაც გადავცე სრულყოფილად.
რა არის საჭირო წარმატებისთვის  მიზანდასახულობა, დიდი შრომა თუ განათლება?

ყველაფერთან ერთად იღბალი!
გულისტკივილი

მხოლოდ იმაზე მტკივა გული, რომ  ჩემს ქალიშვილს, საოცარი ხმის პატრონს,  სურდა ემღერა. გარკვეული მიზეზების გამო  მე სათანადო ყურადღება ვერ მივაქციე და  დაიკარგა უდიდესი ტალანტი. ჩემს ძალიან დიდ შეცდომად ვთვლი ამას. მან ახლახანს შვილიშვილი მაჩუქა და თუ ეს ნიჭი მასშიც აღმოვაჩინე, აუცილებლად  ორმაგად ვუპატრონებ.
ახლა როგორ მდგომარეობაში გაქვთ ხმა?
ტემბრალურად ისევ ისეთი ხარისხაინი ხმა დამრჩა, თუმცა მჭირდება მომზადება, რომ ჩავდგე სათანადო ფორმაში. ფსიქოლოგიური მომზადებაც მჭირდება ალბათ. სწრედ ამაზე ვმუშაობ.
საოცნებო პარტია.11057809_936378949729619_2725760727422574153_n
ეს გახლავთ პუჩინის ოპერა „ტურანდოტი“.  პუჩინისტი ვარ საერთოდ (იღიმის).  ბავშვობისას მოვისმინე და მას მერე ვოცნებობ „ოტელოზე“, ყველაზე მამაკაცური პარტიაა.
ქუთაისის საოპერო თეატრს დიდი ისტორია აქვს. საკუთარი ქალაქის თეატრზე რა შეგიძლიათ გვითხრათ.
წელს 45 წლისთავი ვიზეიმეთ. ბევრი კარგი შემოქმედი, გამოჩენილი მომღერალი აღიზარდა მის სცენაზე. ამირანაშვილი, ანჯაფარიძე და ბევრი სხვა… პაატა ბურჭულაძის პირველი დებიუტიც აქ შედგა. თეატრის დამაარსებელი გახლდათ დიდი მუსიკოსი თეიმურაზ კობახიძე. მისი ღვაწლი დიდია ქუთაისი თეატრის განვითარებაში.  ვფიქრობ, ტრადიცია, რომელიც აქვს თეატრს, არ უნდა დაიკარგოს. სამწუხაროა, რომ დღეს  თეატრს არ აქვს სათანადო განვითარება. ახალი სისხლის გადასხმაა საჭირო, უკან მიდის ყველაფერი. პროფესიონალური თვალსაზრისით დონეც იკლებს. გასაგებია, რომ უჭირს ქვეყანას და არ არის დიდი დაფინანსება, მაგრამ მაინც არსებობს  რაღაც რესურსი. თეატრიდან პროფესიონალები მიდიან.
დიდი შრომაა საჭირო, პატარათი დავიწყოთ, პატარათი დავდოთ შედეგი და ისიც მოვა. გამოჩნდება ვინმე, ვინც გვერდით დაგიდგება. თეატრს უნდა ჰქონდეს განვითარება. ჩვენ ყველამ, ვისაც გული შეგვტკივა, ვინც ნამდვილი ქუთაისელია, უნდა ვიზრუნოთ ამაზე.
სხვათაშორის ადრე სულ არ იყო დაფინანსება.  დღეს კი თეატრს 900000 აქვს ბიუჯეტიდან გამოყოფილი. ვიღაცისთვის ეს ცოტაა, არც ჩემთვის გახლავთ ბევრი. არ არის საკმარისი შეიძლება ბევრი რამისთვის, მაგრამ  საკმარისია საწყისი განვითარებისთვის. ჩემს ბავშვობაში საოპერო ფესტივალები ტარდებოდა ელენა ობრასცოვა, ზურიკო სოტკილავა, მაყვალა ქასრაშვილი ვინ არ ჩამოდიოდა. ელემენტარულია, ხუთ თვეში ერთხელ კეთდება  სპექტაკლი და იმასაც იშვიათად უშვებ. როგორ გეყოლება მაყურებელი.
სათანადოდ უნდა მოვამზადოთ თეატრი საშემსრულებლო თვალსაზრისით. ჩემს პედაგოგს  საუკეთესო მოწაფეები ჰყავს. ქუთაისში  არის  ნიჭიერი თაობა, ბევრი საინტერესო ხმა.  მათთვის ჯერ აქ უნდა გავამზადოთ სცენა, ამ ახალგაზრდებს  მივცეთ გამოცდილება. ისინი პირდაპირ თუ წავლენ უცხოეთში,  მერწმუნეთ დაიკარგებიან.  ნიჭიერი ახალგაზრდები უნდა დავაკავოთ სპექტაკლებში. გავაკეთოთ მასტერკლასები.  ბნელ ოთახში თავიდან გეშინია შესვლა, მაგრამ რაც უფრო ბევრჯერ შეხვალ, შიში იკარგება… ასეა აქაც,  მოქმედება უნდა დაიწყოს. კიდევ ერთხელ ვამბობ. თუ შევქმნით სათანადო ბაზას საშემსრულებლო თვალსაზრისით, ბევრი საინტერესო სტუმარი მოინდომებს ჩამოსვლას. შესაბამისად,  გაჩნდება მაყურებელი, უძრაობა ღუპავს თეატრს.
თქვენთვის ყველაზე საამაყო რამ.
ისიც , რომ  ლა სკალას  აკადემიის  პირველი ქართველი სტუდენტი ვიყავი.  უფრო საამაყო ის არის, რომ  საქართველოდან  ჩემს  შემდეგ იმხელა ნაკადი ჩავიდა   ნიჭიერი ახალგაზრდების, გაოცებულნი არიან. ლა სკალას აკადემიის დირექტორმა იუმორით მითხრა: –კმარა, ქართველები! (ბასტა ჯორჯანი)  ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენთან საოპერო ხელოვნების დონე ძალიან მაღალია. დღეს მსოფლიოს  ბევრი ბუბმერაზი თეატრის წამყვანი სოლისტი ქართველია!
რას ეტყოდით თქვენს გულშემატკივრებსმსმენელს.
ვეტყოდი, რომ დიდი დრო არ დასჭირდებათ მოცდისთვის, მალე  ისევ მომისმენენ.
ირმა მირზაშვილი