ერთხელ, დაბადების დღეზე, ფეისბუქით ვირტუალური იასამნები მოგიძღვენი. მომწერე: რა იცოდი სწორედ იასამნებზე რომ ვგიჟდებიო. ათასი მადლობა გადამიხადე არადა, შენი ხასიათი რომ ვიცოდი გამეღიმა. მაშინ მეგონა ტიტები, იები, ან კიდევ სხვა რამ, რომ მომეძღვნა იგივე მადლიერებით მიიღებდი.
მოგვიანებით გავიგე, მართლაც ძალიან გყვარებია გაზაფხულის ეს ყვავილი. ამიტომაც მისი ყვავილობისას გაგიყვანა უფალმა ამ ქვეყნიდან და იისფერ სურნელში ჩაგვიტოვა შენი ხსოვნა .
ხვალ დედის ცრემლებად წამოსული აპრილის წვიმა ისევ დანამავს შენს საყვარელ იასამნებს. მიესათუთე შენებურად, ძალა მიეცი, გულში ჩაკლული დარდი გაუფანტე, რომ დიდხანს, დიდხანს აძლიერებდეს შენს პატარა ბოხოხინა ბიჭს შენი გამზრდელი უბე.
არ ვფიქრობ,რომ ოდესმე უშენოდ გაზაფხულდება. მჯერა,იასამნების სურნელში დარჩენილი შენი ხსოვნა მუდამ გამოჰყვება აპრილის წვიმებს. წვიმის წვეთებით დანამული ნაზი სიო ისევ ყველას ჩამოგვიქროლებს, ლოყაზე მოგველამუნება, ნაწვიმარ ყვავილებს მოგვაყრის და სულის უკვდავებას დაგვაჯერებს.
გაზაფხული შეინახავს მუდამ შენს ხსოვნას , ვიდრე იასამანი არ გაქრება დედამიწიდან.
Комментариев нет:
Отправить комментарий